კახა ბექაური: ევროპული სტანდარტით მაუწყებლებს აკრძალული აქვთ სიძულვილის ენის ტირაჟირება, ამას რესპონდენტი აკეთებს თუ ჟურნალისტი, მაინც დასჯადია

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური განცხადებით, დღეს ევროპაში ტრადიციულ მედიაში, როგორიცაა ტელევიზია და რადიო დეზინფორმაციის პრობლემა საერთოდ აღარ დგას, რადგან ეფექტური კანონი და სწორი რეგულაციები არსებობს.

მისივე განცხადებით, ქართული კანონმდებლობა მსგავს რეგულაციას არ არსებობს და ამის ნიადაგზე ქართული მედია დეზინფორმაციით არის გაჯერებული, რასაც მკვეთრად პოლიტიკური მიკერძოება ემატება.

„დღეს ჩვენს კანონმდებლობაში ცილისწამების საკითხი დარეგულირებული არაა. მე არ ვგულისხმობ სამოქალაქო წესით ცილისწამებაზე სასამართლოში ჩივილს, მე ვგულისხმობ მედიის პასუხისმგებლობის ნაწილს. შეიძლება თუ არა, მედიასაშუალებას მოეთხოვოს პასუხი? ჩემი აზრით, არათუ შეიძლება, არამედ აუცილებელიცაა, რომ ამ კუთხით ქართული კანონმდებლობა შეიცვალოს. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ასეთი სტანდარტი მოქმედებს: სად გადის ზღვარი დეზინფორმაციასა და სწორად ინფორმირებას შორის? ევროპული პრაქტიკა ამბობს, რომ აკრძალულია სიძულვილის ენის ტირაჟირება მაუწყებლის საშუალებით. არ აქვს მნიშვნელობა, ამას რესპონდენტი აკეთებს თუ ჟურნალისტი. ამაზე რეაგირებს სახელმწიფო და ასეთი ქმედება დასჯადია“,- ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, ევროპის ყველა ქვეყანაში არსებობს მიუკერძოებლობის მაღალი სტანდარტი, რომელიც სამ ფუნდამენტურ პრინციპს ემყარება.

„ევროპაში არსებობს მიუკერძოებლობის სტანდარტი, რომელიც ემყარება სამ კომპონენტს: მედიასაშუალებას ეკრძალება ფაქტის დამახინჯება, ევალება ფაქტის სიზუსტით გადაცემა, ეკრძალება მოსაზრებისა და ფაქტის ერთმანეთში აღრევა, მან ინფორმირება უნდა გაუკეთოს, გამოყოს უნდა ფაქტი მოსაზრებისგან, გნებავთ ეს რესპონდენტის მოსაზრება იყოს, გნებავთ ჟურნალისტის და მას ამის ვალდებულება აქვს, და მესამე – განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში გავრცელებული უნდა იყოს იმ მედიასაშუალების მიერ, სადაც შუქდება ესა თუ ის მოვლენა – სავალდებულო რეჟიმში მას ვალდებულება აქვს, რომ განსხვავებული მოსაზრებაც გაავრცელოს.

მიუკერძოებლობის სტანდარტი ემყარება ამ სამ კომპონენტს და ამ კომპონენტების დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფო რეაგირებს და იყენებს სანქციებს. ზუსტად აქ გადის ზღვარი დეზინფორმაციასა და სწორად ინფორმირებას შორის“,- განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები