პროკურორი: კანონი არ გვაძლევს საფუძველს, საჯარო მოხელემ თავისი ვიზუალის მოსაწესრიგებლად, თუნდაც ტანსაცმლის შესაძენად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რამე დანახარჯი გასწიოს
კანონი არანაირად არ გვაძლევს საფუძველს, რომ საჯარო მოხელემ, მიუხედავად მისი რანგისა და თანამდებობისა, თავისი ვიზუალის მოსაწესრიგებლად, თუნდაც ტანსაცმლის შესაძენად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რამე დანახარჯი გასწიოს. ეს არის პირდაპირ კანონდარღვევა, არამიზნობრივი ხარჯი და სწორედ ესაა ასახული აუდიტის დასკვნაში, – ამის შესახებ პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ჩართვისას განაცხადა.
მან საქართველოს ექსპრეზიდენტის მიერ ვიზუალის მოსაწესრიგებლად და სახის ბოტოქსისთვის გაწეულ ხარჯებზე ისაუბრა.
„ჩვენ არ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ბოტოქსზე ვისაუბროთ. ეს არის ვიზუალის მოწესრიგების სხვადასხვა ძვირადღირებული პროცედურები, რომელსაც 2009 წლიდან 2013 წლამდე ყოფილი პრეზიდენტი მსოფლიოს წამყვან კლინიკები იტარებდა: ლონდონი, მიუნხენი, ნიუ-იორკი, ვაშინგტონი. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ ქალაქებისა, სადაც ვიზუალის მოწესრიგების პროცედურებს გასწევდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს ბიუჯეტიდან.
აღნიშნული დანახარჯი გაწეულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან, რომლის ამოცანას წარმოადგენს დასაცავ ობიექტთა უსაფრთხოების დაცვა და არამც და არამც დასაცავ პირთა გარეგნობაზე ზრუნვა. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ჩვენ კანონი არანაირად არ გვაძლევს საფუძველს, რომ საჯარო მოხელემ, მიუხედავად მისი რანგისა და თანამდებობისა, თავისი ვიზუალის მოსაწესრიგებლად, თუნდაც ტანსაცმლის შეძენაზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რამე დანახარჯი გასწიოს. ეს არის პირდაპირ კანონდარღვევა, არამიზნობრივი ხარჯი და სწორედ ესაა ასახული აუდიტის დასკვნაში“, – აღნიშნა პროკურორმა.