„საქაერონავიგაცია“ საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრის მშენებლობას იწყებს
დღეს „საქაერონავიგაცია“ საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრის მშენებლობას იწყებს- ამის შესახებ ინფორმაციას „საქაერონოვაგაცია“ ავრცელებს. თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებული და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში ფრენის უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად და საჰაერო მოძრაობის მართვის ინდუსტრიის განსავითარებლად.
ეს საშუალებას მისცემს საქართველოს, კონკურენტუნარიანი გახდეს რეგიონში და დააკმაყოფილოს საჰაერო მოძრაობის მართვის ევროპული სტანდარტები. მართვის ახალი ცენტრი სრულად უზრუნველყოფს ფრენების მომსახურებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ცენტრის ფუნქციაში შევა ძირითადი სისტემის სარეზერვო მოწყობილობაც – ძირითადი სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, ავიამეთვალყურეებს საშუალება მიეცემათ, გადავიდნენ სარეზერვო სისტემაზე და სრულფასოვნად გააგრძელონ საქმიანობა. პროექტი 2010 წელს, შპს”ლებოს” მიერ შეიქმნა. სამშენებლო სამუშაოებს ღია საერთაშორისო ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია “დაგი” დღეიდან დაიწყებს და გეგმის მიხედვით, 2 წელიწადში დაასრულებს. მშენებლობაზე 200 ადამიანი დასაქმდება. დაგეგმილია ცენტრის აღჭურვა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროკონტროლის მიერ აღიარებული, 8 მილიონი ევროს ღირებულების თანამედროვე ტექნოლოგიებით.