ვინ არის ზვიადაურის საქმის მოსამართლე და რა კავშირი აქვს მას პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულ, კუდ-ის მაღალჩინოსანთან
თელავის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვიადაური წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ მოსამართლე მამუკა წიკლაურმა მიიღო. ფაქტს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალურ ქსელში მოსამართლეს წარსული საქმიანობა და უახლოესი გარემოცვა შეახსენეს.
რა ვიცით მოსამართლე მამუკა წიკლაურზე? ის 2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებლად. 2005 წელს მუშაობა განაგრძო შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსად. 2005-2007 წლებში მუშაობდა თბილისის პროკურატურაში შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორად. 2007 წელს ადეიშვილის უწყებიდან სასამართლო სისტემაში გადაინაცვლა და საქმიანობა განაგრძო რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ. 2007-2009 წლებში ასრულებდა მარნეულის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას. 2009-2017 წლებში იკავებდა თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას. 2017 წლიდან დღემდე არის თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
მამუკა წიკლაურის სიძე (დის ქმარი) გახლავთ ყოფილი მთავარი პროკურორი, ადეიშვილის კადრი მამუკა გვარამია, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს პროკურატურის სისტემაში სხვადასხვა მაღალი თანამდებობა ეკავა.
მამუკა წიკლაურის ახლო მეგობარი და მეჯვარე გახლავთ რამდენიმე, სისხლის სამართლის საქმეში მხილებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი რევაზ შიუკაშვილიც, რომელიც თბილისის კუდ-ის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა 2009 წლიდან. 2012 წლიდან კი ის იყო კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მთავარმა პროკურატურამ რევაზ შიუკაშვილი „ფარული კადრების ჩამწერი პირების საქმეზე“ 2016 წელს დააკავა. 2016 წელსვე წარუდგინეს რევაზ შიუკაშვილს ბრალი ე.წ. 26 მაისის საქმეზე, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე. კუდ-ის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, შიუკაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზეც, რისი ამსახველი ფარული ჩანაწერები პროკურატურამ 2018 წელს გაასაჯაროვა.
წყარო:/primetime.ge