წლის საუკეთესო მოხალისის ჯილდო 2021

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდი’’ 2021 წლის საუკეთესო მოხალისეთა გამოსავლენად იწყებს მოზარდებისა და ახალგაზრდების ნომინირებას! ღონისძიების მხარდამჭერია გაეროს ბავშვთა ფონდი.

კონკურსის გამარჯვებულები პირველად 2020 წელს, პროგრამის – „ახალგაზრდული მოხალისეობა COVID-19 ის საპასუხოდ საქართველოში“ – ფარგლებში გამოვლინდნენ.  ორგანიზატორთა მიზანია, რომ აღნიშნული პროგრამა ტრადიციად იქცეს და სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესო მოხალისეები წელიწადში ერთხელ – მათი საქმიანობის შესაბამისად დაჯილდოვდნენ.

ჯილდოს ტრადიციის დამკვიდრების მიზანია ახალგაზრდული მოხალისეობის  მხარდაჭერა და წახალისება, ასევე, მადლიერების გამოხატვა იმ მოქალაქეებისადმი, რომლებიც უანგაროდ ეხმარებიან  მოწყვლად ჯგუფებს, სოციალურად დაუცველ თუ სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველები აუცილებელია, რომ დარეგისტრირებულნი იყვნენ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შექმნილ ახალგაზრდული მოხალისეობის პლატფორმაზე  – www.youthvolunteering.ge – სადაც  განთავსდება მათი ინდივიდუალური მოხალისეობრივი პროექტები და საათები; მოხალისეობის პარალელურად ისინი იღებენ კონსულტაციებსა და საგანმანათლებლო რესურსებს, ერთვებიან ტრენინგებში მათი კომპეტენციების გაძლიერების მიზნით; აღნიშნული მოდელი, ხელს უწყობს ასევე საქართველოში მოხალისეთა მიერ შესრულებული საქმიანობისა და სარგებლიანობის აღრიცხვის მექანიზმების შემოღებას.

2021 წელს ჯილდო გაიცემა შემდეგ კატეგორიებში:

  • ადამიანის უფლებების დაცვა
  • გარემოს დაცვა
  • მოხალისეობა (მოხალისეობის განვითარება)
  • განათლება
  • კულტურა
  • სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება

საუკეთესო მოხალისის შერჩევის პროცედურა „მოხალისეობის შესახებ საქართველოს“ კანონთან’’ და სხვა შესაბამის კანონმდებლობასთან თანხვედრაშია. საუკეთესო მოხალისეებს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან და რეგიონებიდან სპეციალური კომისია გამოავლენს.

წლის საუკეთესო მოხალისეთა დაჯილდოება 8 დეკემბერს შედგება! ხოლო ნომინირებული კანდიდატების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა, მოხალისეთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, 5 დეკემბრიდან დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები