გოგა ჩანადირი: მომწონს მთავრობისა და პრემიერ ღარიბაშვილის გააქტიურება სათამაშო ბიზნესის ფრთების შეკვეცასთან დაკავშირებით
სამორინეებისა და ტოტალიზატორების რეკლამა ყველა დონეზე უნდა აიკრძალოს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი წერს.
ჩანადირი მთავრობის ინიციატივას ონლაინკაზინოების რეგულირებასთან დაკავშირებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინიციატივა მისთვის მისაღებია.
“სულ უფრო და უფრო მომწონს მთავრობისა და პრემიერ ღარიბაშვილის გააქტიურება სათამაშო ბიზნესის ფრთების შეკვეცასთან დაკავშირებით.
სამორინეებისა და ტოტალიზატორების რეკლამა ყველა დონეზე უნდა აიკრძალოს.
გახმოვანდა, თუ ვის აეკრძალება თამაში სამორინეებში (აქ მეტი სიცხადეა შესატანი, მთავრობა გულისხმობს თუ არა ინტერნეტთამაშებსაც):
25 წლამდელებს
სოციალური შემწეობის მიმღებ პირებს,
იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით მიმართავენ შემოსავლების სამსახურს
ე.წ. შავ სიაში მოხვედეილ პირებს
ასევე, თამაში აეკრძალებათ პირებს ოჯახის წევრების მიმართვის საფუძველზე.
ჩემი აზრით, თამაში უნდა აეკრძალოთ საბანკო სესხების ან სხვა დავალიანების მქონეებსაც.
ყველაზე გავრცელებული მოსაზრება, რომ თამაშები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს, გადაჭარბებული მგონია. ასეთი შემთხვევები იქნება, მაგრამ არა იმ მასშტაბის, როგორიც ახლა გვაქვს.
მოზარდების 52% რაღაც ფორმით აზარტულ თამაშებთან არის დაკავშირებული, რაც ერის ტრაგედიაა.
ეს გამოიწვია სათამაშო ბიზნესის ხელმისაწვდომობამ და რეკლამა”, – წერს ჩანადირი.