საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
„საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო შეთანხმება (საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმა)“ განიხილა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, რომელიც 150 მლნ ევროს 20 წლის ვადით გამოყოფას ითვალისწინებს, საიდანაც 5 წელი საშეღავათო პერიოდია, ხოლო საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებულია და შეადგენს წლიურ 0,81%-ს.
„2018 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს, საფრანგეთსა და გერმანიას შორის, რომელიც ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული რეფორმების პარალელურად, საქართველოსთვის საბიუჯეტო დახმარების სახით კრედიტების გამოყოფას ითვალისწინებდა. განხორციელებული რეფორმების შედეგად, 2018-2020 წლებში მივიღეთ საფრანგეთის მხრიდან 205 მლნ ევრო ხოლო, გერმანიის მხრიდან 199 მლნ ევრო. წარმოდგენილი ხელშეკრულება საფრანგეთის მხრიდან დამატებით 150 მლნ ევროს სესხის გამოყოფას ითვალისწინებს. 2021 წლის 16 ნოემბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც უკვე გატარებული ღონისძიებებიდან გამომდინარე, დამატებით 150 მლნ ევროს გამოყოფას ითვალისწინებს რომელიც პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართება, საქართველოს მთავრობის მიერ ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერის მიზნით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.
სხდომაზე ასევე განიხილეს „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2020)“ შეთანხმება, რომლის მიხედვით გერმანიის მთავრობა საქართველოს შესაძლებლობას აძლევს მიიღოს დაახლოებით 5,2 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება გრანტის სახით პროექტისთვის „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“. აღნიშნული პროექტისათვის გერმანიის მთავრობას უკვე გამოყოფილი აქვს 18,5 მლნ ევროს ოდენობის გრანტი. აღნიშნული ფინანსური რესურსი მოხმარდება აჭარის სატყეო სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შესაძლებლობების განვითარებასა და ხელშეწყობას.
„წარმოდგენილი შეთანხმება ითვალისწინებს აღნიშნული თანხის ასახვას ძველ ხელშეკრულებაში. შესაბამისად, გამოყოფილი 18,5 მლნ ევროს ემატება 5,2 მლნ ევრო და სულ ხდება 23,7 მლნ ევრო და ეს თანხები მიემართება დაცული ტერიტორიების განვითარებასა და აჭარაში სატყეო სისტემის გაუმჯობესებაზე“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
კომიტეტის წევრებმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი ერთხმად დაუჭირეს.