საქალაქო სასამართლოსთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე დაძაბული ვითარებაა.
პოლიცია სასამართლოს ეზოსთან მდებარე, მანდატურების ჯიხურებზე ასული, აქციის რამდენიმე მონაწილის ჩამოყვანას ცდილობს, რასაც სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. სავარაუდოდ, რამდენიმე პირი უკვე დააკავეს. აქციის რამდენიმე მონაწილემ პოლიციის მიმართულებით ბოთლები ისროლა.
პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც რამდენიმე პირი შეუძლოდ გახდა.
ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, რომლითაც სასამართლოსთან შეკრებილ მოქალაქეებს მართლწესრიგის დაცვისკენ მოუწოდებენ. შსს ამბობს, რომ კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს მოჰყვება მყისიერი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.