„ელიას მთის დაცვის თემი“: შეჩერდეს ელიას მთაზე უკანონო განაშენიანება და მოეწყოს მწვანე სივრცე

თბილისში, ელიას მთის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა ისნის რაიონის გამგეობას მიმართავს და მთაზე უკანონოდ მიმდებარე განაშენიანების შეჩერებასა და მწვანე სივრცის განაშენიანებას ითხოვს. ელიას მთის დაცვის ინიციატივით შექმნილმა „ელიას მთის დაცვის თემის“ წევრებმა დღეს აქცია გამართეს და მთაზე, სიმბოლურად, მარადმწვანე ხეები დარგეს.

„ელიას მთის მიმდებარე ტერიტორია თითქმის სრულად განაშენიანებულია, მიუხედავად ამისა, ამ უბანში არ არსებობს პარკი/სკვერი, სადაც მოსახლეობას ექნება დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა. სწორედ ამ მიზნით, ელიას მთის მიმდებარე ქუჩების მოსახლეობა მიმართავს რაიონის გამგეობას თხოვნით, უზრუნველყონ ელიას მთაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობის აღკვეთა; სასაფლაოსა და შესაბამისი მიმდინარე ტერიტორიის გამწვანება და ელიას მთაზე მწვანე სივრცის – პარკის/სკვერის მოწყობა,“ – განაცხადა „ელიას მთის დაცვის თემის“ წარმომადგენელმა მარიამ კუსიანმა.

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, რომელიც ელიას უბნის მოსახლეა, წლების განმავლობაში ამ უბნის მოსახლეობა იბრძვის, იმისთვის რომ მთაზე გაშენდეს მწვანე სივრცე.

„მოსახლეობამ შეაგროვა ხელმოწერები, რომელსაც წარუდგენენ ისნის გამგეობას და მერიას. მიხარია, რომ ადგილზე შეიქმნა „ელიას მთის დაცვის თემი“, ეს არის ადგილობრივი მოსახლეობის ერთობა, რომელიც ცდილობს ელიას მთაზე შეაჩეროს უკანონო განაშენიანება და ხელი შეუწყოს იმას, რომ თბილისის ერთ-ერთი ძველი უბანი იყოს გამწვანებული და კეთილმოწყობილი,“ – აღნიშნა ანა დოლიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები