„თბილისის ბაროკო ფესტივალი 2021“ – 29 ნოემბერს კონცერტებით ბრუნდება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიის, იტალიისა და გერმანიის საელჩოების მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის, „საქართველოს სინფონიეტას“ ორგანიზებითა და მონაწილეობით, 2021 წლის 10 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით, რიგით მეშვიდე „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ ტარდება.
როგორც „კვირას“ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეა მუქერიამ აცნობა, 10 ნოემბერს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე, ფესტივალი გაიხსნა კონცერტით – „ქართული და ევროპული საეკლესიო მუსიკა“, სადაც თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან – „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად, ფესტივალზე მოწვეული სოლისტები: ვინჩენცო კაპეცუტო (ალტი, იტალია), ნატალი პერესი (მეცოსოპრანო, საფრანგეთი) და საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი – „ბასიანი“ წარდგნენ მსმენელების წინაშე.
13 ნოემბერს, სამეფო უბნის თეატრში გაიმართა „გიორგი ალექსიძის ნეობაროკო“  – გიორგი ალექსიძისეული ნეოკლასიკური დადგმები, რომელიც გიორგი ალექსიძეს ბაროკოს კომპოზიტორების მუსიკაზე აქვს დადგმული და ცეკვის ამ სტილს, მიმდინარეობას ნეობაროკოს უწოდებდა.
საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელმა მარიამ ალექსიძემ, დასის მმართველმა-მთავარმა ბალეტმაისტერმა მარინა ალექსიძემ და პედაგოგ-რეპეტიტორმა ქეთევან მუხაშავრიამ სპეციალურად ამ საღამოსთვის აღადგინეს  გიორგი ალექსიძის ნეობაროკოს დადგმები.

საღამოში მონაწილეობდნენ:  გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ და ბალეტის მოწვეული მსახიობები – სერგეი პოპოვიდა ვინჩენცო კაპეცუტო,  თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“, სოლისტები: ვინჩენცო კაპეცუტო (ალტი), ნატალი პერესი (მეცოსოპრანო), ანნა ქურდოვანიძე (კლავესინი, ორგანი), გიორგი კუზანაშვილი (თეორბო, ბაროკოს გიტარა). სამხატვრო ხელმძღვანელი – გიორგი ქერელაშვილი.
11 ნოემბერს, „თბილისის ბაროკო ფესტივალზე“ მოწვეულმა მომღერალმა, ნატალი პერესმა (მეცოსოპრანო) ვოკალის მასტერკლასი, ხოლო  15 ნოემბერს, მოწვეულმა მუსიკოსმა, გიორგი კუზანაშვილმა თეორბოსა და ბაროკოს გიტარის მასტერკლასები ჩაატარეს.
„თბილისის ბაროკო ფესტივალი 2021“ 29 ნოემბერს კონცერტებით ბრუნდება.
29 ნოემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე მსმენელებს ბახის სამყაროში ამოგზაურებს და წარმოადგენს კონცერტს სახელწოდებით „ბახის სამყარო“.
ამ საღამოს ერთგულ მსმენელს თავად თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი უმასპინძლებს. „საქართველოს სინფონიეტა“ და ორკესტრის სოლისტები მათთვის კარგად ნაცნობ ნაწარმოებებს შეასრულებენ.
სოლისტები არიან მევიოლინეები: დიანა გოგიშვილი, ანი გოგისვანიძე, გიორგი ქერელაშვილი, სტელა მკრტიჩიანი, ნათია ჩილაშვილი, ანა მამისაშვილი; კლავესინისტი და ორგანისტი – ანნა ქურდოვანიძე და კონტრაბასისტი – არმან ნაზაროვი.
2 დეკემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ მულტიინსტრუმენტალისტ სერგეი მალოვს უმანსპინძლებს.
არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, მსოფლიოში აღიარებული, ცნობილი ავსტრიელი მულტიინსტრუმენტალისტი სერგეი მალოვი ამჟამად უკრავს  ფერდინანდო გალიანოსა და მეტიუ დევუისის ვიოლინოებზე, პიეტრო გაგინის ალტზე, ჯოფრედო კაპას ბაროკოს ვიოლინოზე და დმიტრი ბადიაროვის  „ჩელო  და სპალაზე“. იგი  გახლავთ  საერთაშორისო ორგანიზაციის – “Weigold & Böhm International Artists Management” წარმომადგენელი და ცოტა ხნის  წინ  ციურიხის მუსიკის უმაღლეს სასწავლებელში (შვეიცარია) მიიწვიეს პედაგოგად.
სერგეი მალოვს ქართველი მსმენელი პირველად „თბილისის ბაროკო ფესტივალზე“ 2017 წელს შეხვდა და სხვადასხვა ინსტრუმენტზე ვირტუოზული შესრულებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა აუდიტორიაზე.
არც წელს იქნება გამონაკლისი, 2 დეკემბრის  კონცერტზე – „ბახი 1720 – მარტოობის 300 წელი“, სერგეი მალოვი კვლავ არაერთი ინსტრუმენტით წარდგება ქართველი მსმენელის წინაშე და იოჰან სებასტიან ბახისა და ნიკოლა პორპორას ნაწარმოებებს „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად ვიოლნოზე და აგრეთვე ბაროკოს პერიოდის საკრავზე – „ჩელო და სპალა“-ზე შეასრულებს.
ფესტივალის ყველა ღონისძიება რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება.
კონცერტების ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ ვებგვერდზე: www.biletebi.ge და თეატრის სალაროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები