რა კავშირშია ვაქცინაციის შიში საბჭოთა ნარატივთან და როგორ დავძლიოთ აცრის შიში – ინტერვიუ ფსიქოტრავმატოლოგთან

 

ადამიანს 4 უმთავრესი ფუნდამენტური ემოცია აქვს, რომელიც გადარჩენაში ეხმარება. ესენია: სევდა, გაბრაზება, შიში და სიყვარული. დღეს ფსიქოლოგ, ფსიქოტრავმატოლოგ ანა მეუნარგიასთან ერთად შიშზე ვისაუბრებთ, უფრო კონკრეტულად კი – ვაქცინაციის შიშზე. არის თუ არა ამ შიშის საფუძველი ლოგიკური, თუ ის, შფოთიდან გამომდინარე, უფრო მეტად ირაციონალურია, ვიდრე ჩვენს გადასარჩენად  მიმართული?

– როგორც ვიცით, შიში ადამიანის გადასარჩენად  მიმართული ემოციაა.  თუ შევეხებით ვაქცინაციის შიშს, ჯერ უნდა ვიცოდეთ, საიდან შეიძლება მოდიოდეს ეს შიში. თავიდან, კოვიდპანდემიის დაწყებიდან,  შეთქმულების უამრავი თეორია გაჩნდა, რომლებიც ლოგიკურად იყო ჩამოყალიბებული.  შეთქმულების ამ თეორიებს უსმენდა ხალხი და მიუხედავად პარანოიულობისა, იჯერებდა. ეს თეორიები თითქოს ირაციონალურ დაცვით ფუნქციას ასრულებდა.  როდესაც სიცოცხლეს  საფრთხე ექმნება (კოვიდპანდემიას ვგულისხმობ), ადამიანი უსუსურად გრძნობს თავს და, პირველ რიგში, უნდა, რომ ამ შეგრძნებას დააღწიოს თავი. როგორ? – უნდა თქვას, რომ ყველაფერი მოგონილია, თუ უნდა უარყოს იმისთვის, რომ თავისი ძალაუფლება დაიბრუნოს უკან?

ბევრი კითხვა უჩნდება ვაქცინასთან დაკავშირებით, მაგალითად, რატომ შეიქმნა ეს ვაქცინა ასე სწრაფად. სამედიცინო ჟურნალებში რომ ჩაიხედოთ, ნახავთ, რომ ეს ვაქცინა შეიქმნა გრიპის ვაქცინის ბაზაზე, გრიპის ვაქცინას კი წლების მანძილზე  იკვლევდნენ… შეიძლება ადამიანები ამ ინფორმაციას არ ფლობდნენ. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუ ვინ აწვდის ინფორმაციას ამ ვაქცინაციის შესახებ. როცა ექიმი გამოდის და საუბრობს ვაქცინაციის მნიშვნელობაზე, უფრო ავტორიტეტულია და უჯერებენ მას, ვიდრე – სახელმწიფო მოხელეს, მის მიმართ უნდობლობაა.

ჩვენ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ, ისტორიიდან გამომდინარე, საბჭოთა რეალობა ასეთი იყო – სახელმწიფო ადამიანის ინტერესებზე დიდად არ მოქმედებდა და მაშინ შეიძლებოდა კარგ ამბად ჩათვლილიყო ის წინააღმდეგობა, რომელსაც ადამიანი სახელმწიფოს უწევდა, იმიტომ, რომ ეს გადარჩენის ერთ – ერთი წყარო  იყო. შეიძლება იგივე ისტორია გადმოგვქონდეს დღევანდელობაში და ზუსტად იგივენაირად ვუწევდეთ წინააღმდეგობას გარედან შემოსულ ინფორმაციას. საბჭოთა კავშირის ნარატივიც ხომ ეს იყო – მის ფარგლებს გარეთ რაც ხდებოდა, ყველაფერი ცუდი იყო, ამიტომ, თუ გავარკვევთ, საიდან მოდის ვაქცინაციის შიში, შეიძლება უფრო ადვილად გადავლახოთ, ამ შემთხვევაში ვეძებთ იმ გადაწყვეტას, როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ჩვენს შიშს.

– როცა ვაქცინაციის გეშინია და მის პარალელურად არსებობს კოვიდი, რომელიც რეალურად კლავს ადამიანს, როგორ ძლევს ერთი შიში მეორეს?

– ჩემი აზრით, ერთ შემთხვევაში, ვაქცინას იკეთებ ნებაყოფლობით და შედეგი, უხეშად რომ ვთქვათ, შეიძლება არ აგცდეს, რაც ირაციონალურია, მეორე შემთხვევაში კი ფიქრობ, რომ კოვიდი შეიძლება სულაც არ შეგხვდეს. მათი აზრით, მეორე შემთხვევაში ადამიანს გადარჩენის უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე ვაქცინის გაკეთებისას…

– და მათთვის არც ისაა არგუმენტი, რომ არავაქცინირებულები  უფრო ცუდად გრძნობენ თავს ავადმყოფობის პერიოდში, ვიდრე ვაქცინირებულები? არ ეშინიათ, ცუდი რამე რომ დაემართოთ?

– ბევრი ადამიანი კოვიდის არსებობას არ აღიარებს და საფრთხედ არ აღიქვამს, ამბობენ რომ ჩვეულებრივი გრიპია.

– ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება დავარწმუნოთ ადამიანი, რომ  საჭიროა ვაქცინაცია?

– ვფიქრობ, ანტივაქსერები იმდენად ღრმად არიან დარწმუნებულნი ამ თეორიაში, რომ თითქმის წარმოუდგენელია მათი გადარწმუნება, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთაც შეგვიძლია მივაწვდინოთ ხმა, ინფორმაცია და მტკიცებულებაზე დაფუძნებული არგუმენტები. მნიშვნელოვანია, ვინ ეტყვის ვაქცინაციის ბენეფიტების შესახებ და რამდენად კარგად აუხსნის მათ, რომ ძალიან პატარა შანსია, შეხვდეს კოვიდი, ან თუ შეხვდება, რამდენად მსუბუქად შეიძლება გადაიტანოს და  ა.შ. რადგან არიან ადამიანები, რომლებმაც მართლა არ იციან, რომ ვაქცინა მალე კი არ შეიქმნა, არამედ წლებია უკვე ხალხი გრიპის ვაქცინას ვიკეთებთ და ზუსტად ეს ბაზაა გამოყენებული „ფაიზერის“, „მოდერნას“ და სხვა ვაქცინებში. ვფიქრობ,  ამის ახსნა და ადამიანებამდე მიტანა დიდ ზეგავლენას მოახდენს.

– ადამიანები ხშირად მიმართავენ ფსიქოლოგებს დასახმარებლად, თქვენამდე თუ მოსულა ვინმე ვაქცინაციის შიშის დასაძლევად ან რომელიმე სტრუქტურას თუ მოუმართავს თქვენთვის, რომ ვაქცინაციის პროცესში დახმარებოდით?

– საინტერესო იქნებოდა, მაგრამ არც პიროვნებას და არც რომელიმე სტრუქტურას ჩემთვის არ მოუმართავს და მსგავსი რამ არც სხვა ფსიქოლოგებისგან მსმენია. ჩვენი კეთილი ნებით ვეხმარებით ადამიანებს.

– რას ეტყვით იმ ადამიანებს, რომლებსაც ვაქცინაციის ეშინიათ, როგორ დაძლიონ ეს შიში?

– მე, როგორც ფსიქოლოგი, ვურჩევდი, ჩაღრმავებოდნენ თავიანთ შიშს, საიდან მოდის, რისი ეშინიათ ყველაზე მეტად, რამდენად რაციონალურია თავად ეს შიში და შემდეგ ეტაპზე, უკვე ამ ანალიზზე დაყრდნობით ეპოვოთ გამოსავალი, გაცნობოდნენ სანდო ინფორმაციებს – რატომ არის ვაქცინაცია აუცილებელი და რა ბენეფიტი მოაქვს ადამიანებისთვის. ინფორმაციის გააზრების შემდეგ კი შიშიც ნელ – ნელა გაქრება.  ვინც ვაქცინირებულია, მათაც მოვუწოდებდი, რომ ესაუბრათ ვაქცინაციის სიკეთეებზე, საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინათ ახლობლებისთვის,

წლების განმავლობაში მედიცინა ვითარდებოდა, ვაქცინები იქმნებოდა, რომ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაეცვა და, პრინციპში, კარგის მეტი არაფერი მოუტანია. მეცნიერები ძალიან ბევრს მუშაობენ, რომ გააუმჯობესონ სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ. ირაციონალური შიში არ არის ის, რასაც უნდა დავეყრდნოთ და შეგვიძლია ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ. ვაქცინაციის შიში იქიდან მოდის, რომ დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა, არადა, პირიქით გამოდის, ამის გააზრებისკენ მოვუწოდებდი ადამიანებს, ვაქცინაციის შიში კი არ გვეხმარება, არამედ გვაზიანებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები