ნოდარ ხადურმა 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიში საკომიტეტო მოსმენებზე წარადგინა

საქართველოს პარლამენტში „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ მოსმენა გრძელდება. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, დოკუმენტის განხილვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და საპარლამენტო უმცირესობის სხდომებზე შედგა.
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პარლამენტის წევრებს დეტალურად გააცნო გასულ წელს ბიუჯეტიდან დაფინანსებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები. ნოდარ ხადურმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის შესრულებაში გასულ წელს იყო პრობლემები, პენსიის ოდენობა ასაკით პენსიონერთათვის გაიზარდა 150 ლარამდე, გაიზარდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება – მკვეთრად გამოხატული შშმ პირთათვის 100-დან 15- ლარამდე, ხოლო მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირთათვის 70-დან 100 ლარამდე, მარჩენალდაკარგულების, პოლიტრეპრესირებულების და სხვა კატეგორიის პენსიონერთა პენსიები 55 ლარიდან გაიზარდა 100 ლარამდე, გაორმაგდა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობისათის გათვალისწინებული სოციალური დახმარებები, ამოქმედდა მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცის პროგრამა და საქართველოს ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილია ჯანმრთელობის დაცვის პაკეტით, აღდგა ე.წ. რეგრესული პენსია, 2014 წლიდან ომში დაღუპულთა ოჯახებს დაუწესდათ 500-ლარიანი პენსია, ყველა საჯარო სკოლის მოსწავლე უზრუნველყოფილია უფასო სახელმძღვანელოებით, გაიზარდა სკოლის პედაგოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალის საბაზო ხელფასი, 3 500-ზე მეტი სტუდენტი სრულად დაფინანსდა სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტული მიმართულების სპეციალობებზე, სახელმწიფომ გასულ წლებთან შედარებით მნიშვნელოვანი თანხები დახარჯა სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიმართულებით.
ასევე ნოდარ ხადურმა ყურადღება გაამახვილა იავარ-ივნისში ეკონომიკური ზრდის დადებით ტენდენციებსა და საგადასახადო შემოსავლების მობილიზების კუთხით 6 თვეში არსებულ დინამიკაზე.
ნოდარ ხადურის განცხადებით, 2014 წლის 6 თვეში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა (დაბრუნებული დაუბეგრავი მინიმუმის გათვალისწინებით) 354.0 მლნ ლარით გადააჭარბა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო საწყის საპროგნოზო მაჩვენებელს – 212,5 მლნ ლარით. დაუბეგრავი მინიმუმის სახით დაბრუნებულია 125 მლნ ლარი. გაზრდილია ინვესტიციების მოცულობა – 2014 წლის პირველ კვარტალში კერძო ინვესტიციები გაზრდილია 21%-ით. ზრდაა ასევე ეკონომიკის რეალურ სექტორში – 28.5%-იანი სამშენებლო სექტორში, ასევე სოფლის მეურნეობის სფეროში, მრეწველობაში. როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, არსებული მონაცემების საფუძველზე, სავარაუდოა 2014 წელს დაგეგმილ 5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მიღწევა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და საპარლამენტო უმცირესობის სხდომები დებატების რეჟიმში წარიმართა. ფინანსთა მინისტრმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები