„ჯანყი გურიაში” – აღდგენილი ფილმის ჩვენება გაიმართება

26 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში, ეროვნული კინოცენტრისა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით, ალექსანდრე წუწუნავას ფილმის – „ჯანყი გურიაში” (აღდგენილი ვერსია) ჩვენება გაიმართება.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმს წარადგენს კინომცოდნე, რეჟისორი ირაკლი მახარაძე.
„ჯანყი გურიაში” გადაღებულია 1923 წელს. ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი.
მსახიობები: ალექსანდრე მესნიაევი, კოწია ერისთავი, ი. კორშუნსკაია, ტ. გურიელი, თამარ ბოლქვაძე, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, გ. მელიავა, ი. ტრაპაიძე, სანდრო კანდელაკი, დ. ჩხეიძე, არკადი ხინთიბიძე, სიკო ფალავანდიშვილი, ი. ნაზარიშილი, ანდრონიკაშვილი, შ. საფაროვი, ნ. ელიოზიშვილი.
ფილმი გადაღებულია ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.
სინოფსისი:
1841 წლის გურიის აჯანყებაში გლეხებთან ერთად მთავრობით უკმაყოფილო თავადაზნაურობაც მონაწილეობს. აჯანყებულებს აჭარის მთავარი ჰასან-ბეგიც უჭერს მხარს. მეფის ჯარში მებრძოლი აზნაურები გლეხების დასამარცხებლად სამეგრელოს მთავარს, დადიანს სთხოვენ დახმარებას, მაგრამ დადიანის ჯარიც აჯანყებულთა მხარესაა. მეფისნაცვალი აჯანყებულთა მოკავშირე ჰასან-ბეგს მოისყიდის და ჯანყს ჩაახშობს.
კინომემკვიდრეობაზე ზრუნვა ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქართული ფილმების დაბრუნდების პროცესი 2016 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. ამ ეტაპზე რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდ”-იდან ჩამოტანილია 60-მდე ფილმი, აქედან აღდგენილია – 34.
1920-1930 წლების რეტროსპექტივის მონაწილე ფილმები აღდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით, გიორგი კაკაბაძის ხელმძღანელობით. პროექტის პარტნიორები არიან ეროვნული არქივი და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია.
კინოჩვენებაზე დასწრება მოხდება ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციების სრული დაცვით. კინოდარბაზში დაიშვება 70 სტუმარი. ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები