სად შეგიძლიათ პოსტკოვიდური მკურნალობის ჩატარება?
ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებისაგან გამოჯანმრთელების შემდეგ, თავს იჩენს სხვადასხვა ჩივილი. სიმპტომების სპექტრი ფართოა და შესაძლოა, მოიცავდეს როგორც ახალ, ასევე, უკვე არსებულ – კოვიდის გახანგრძლივებულ სიმპტომებს. ამიტომ, პაციენტებს ხშირად უწევთ კლინიკებისთვის ისევ მიმართვა. პროფესორ ივანე ჩხაიძის თქმით, არსებობს კლინიკები, სადაც ასეთ პაციენტებს მიმართვა შეუძლიათ.
„ვერ გეტყვით, რომ პროგრამა არსებობს, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ არსებობს კლინიკები, რომლებსაც შემუშავებული აქვთ ე.წ პოსტკოვიდური გამოკვლევების პაკეტები. მათ შორის არის „ევექსის“ ქსელის კლინიკები, კავკასიის მედიცინის ცენტრში ნამდვილად არსებობს ასეთი პროგრამა, იაშვილის და ციციშვილის საავადმყოფოც აკეთებს პოსტკოვიდურ პაკეტებს. თუ დედამ იცის, რომ მისმა შვილმა გადაიტანა კორონავირუსი, ამ რისკებიდან და გართულებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, მიბრძანდნენ საავადმყოფოში და გამოიკვლიონ ყველაფერი, რაც შეიძლება პოტენციურად კორონავირუსმა დააზიანოს – დაწყებული გულით, ნევროლოგის კონსულტაციით, სისხლის საერთო ანალიზით, შემდედებელი სისტემით, ღვიძლის ფუნქციებით და ა.შ. ანუ ეს პაკეტი არსებობს, რათა უფრო მეტად დავრწმუნდეთ, ხომ არ არის მნიშვნელოვანი კორონავირუსის შემდეგ კლინიკური გამოვლინებები.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ხშირია ხანგრძლივი კოვიდის შემთხვევები. ყველა მესამე ბავშვთან შესაძლოა, ხანგრძლივი კოვიდი დაფიქსირდეს. თუ რომელიმე მშობელი ხედავს, რომ მის შვილს კორონავირუსის გადატანის შემდეგ ტემპერატურა ისევ აღენიშნება, ანდა – სხვა სიმპტომები, სასურველია, ბავშვი მიიყვანოს ექიმთან და მან შეაფასოს, ნახოს, არის თუ რა რაიმე ცვლილება… ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, ჩვენ როგორმე მოვახერხოთ, დარჩა თუ არა პაციენტს, ბავშვს, კორონავირუსის გადატანის შემდგომ რაიმე სიმპტომი, ან სიმპტომები, თუ რამდენიმე სიმპტომი აღენიშნება, ექიმის კონსულტაცია იქნება აუცილებელი“, – ამბობს ივანე ჩხაიძე.
მისი თქმით, თუ სიმპტომები არ არის, არ არის საჭირო ყველა კოვიდგადატანილმა ჩაიტაროს პოსტკოვიდური კვლევა, კლინიკას მხოლოდ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში უნდა მიაკითხოთ.
ივანე ჩხაიძე დასძენს იმასაც, რომ ბავშვებში კორონავირუსის გადატანიდან 6-8 თვე შეიძლება დარჩეს გარკვეული სიმპტომები:
„ეს არის ყველაზე ცუდი, რომ ძალიან ხანგრძლივი პერიოდია და ეს სიმპტომები საკმაოდ შემაწუხებელია. არ ვამბობთ, რომ სიცოცხლისთვის საშიშია, მაგრამ ეს არის ნამდვილად ცხოვრების ხარისხის გამაუარესებელი. საერთო სისუსტე, დაღლილობა, ცხვირიდან გამონადენი, ხველა, ცხელება – 37.5°C და ცოტა მეტი. ყნოსვისა და გემოვნების დაქვეითება, მსტვინავი სუნთქვა, კუნთების ტკივილი, გულის რიტმის დარღვევა, ყელის ტკივილი, ნაწლავთა მოქმედების გახშირება და ბევრი სხვა რამ. ყველაზე ხშირი გართულებებია: ადვილად დაღლა და თავის ტკივილი, დეპრესიის გამოვლინება, ძილის დარღვევები“,- აცხადებს ჩხაიძე.
„ევექსში“ ამბობენ, რომ კლინიკურმა გუნდმა, პანდემიის ფარგლებში, შეისწავლა მსოფლიოში „პოსტკოვიდური სინდრომის“ ამ მომენტისთვის არსებული გამოცდილება, რეკომენდაციები და კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის შექმნა პოსტკოვიდ პროგრამა და რეკომენდებული გამოკვლევების ჯგუფები.
კლინიკაში ამბობენ, რომ, პოსტკოვიდ პროგრამის ფარგლებში, „ევექსი კლინიკების“ კლინიკური გუნდის მიერ სპეციალური ტრენინგები გაიარა 2000-მდე ოჯახის ექიმმა და სპეციალისტმა. ასევე, ექიმებმა გაიარეს დამატებითი გადამზადება ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში მოღვაწე ექიმი-ინფექციონისტის, ასისტანს-პროგრამის დირექტორის, მამუკა მაჩაიძის, ჰოლანდიაში მოღვაწე ოჯახის ექიმის, ნინა ბაკაშვილის და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის კლინიკური დირექტორის მიერ. პროგრამის ფარგლებში კოვიდგადატანილი პაციენტები შეძლებენ, გამოიკვლიონ ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ თავიდან აირიდონ კოვიდის გადატანის შემდგომი გართულებები.
„ევექსი კლინიკებში“ პოსტკოვიდ პროგრამაში ჩართვა მომხმარებელს, დაზღვევის პირობის მიუხედავად, 62 ლარიდან შეუძლია. კვლევები მოიცავს 30-მდე ლაბორატორიულ, ექოსკოპიურ გამოკვლევებს და ექიმების კონსულტაციებს. დამატებითი შეღავათები ვრცელდება „ევექსი კლინიკებში“ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით რეგისტრირებულ ბენეფიციარებზე.
პოსტკოვიდ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი: www.postcovid.ge, სადაც მომხმარებელი მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას პოსტკოვიდ სინდრომის, გამოკვლევებისა და მათი მნიშვნელობის შესახებ.
„ევექსის“ კლინიკაში შექმნილი პროგრამის ფარგლებში კვლევები დაყოფილია ჯგუფებად იმის მიხედვით, თუ როგორი სიმძიმით გადაიტანა პაციენტმა კოვიდ 19-ის ვირუსი.
გამოკვლევების შერჩევა მოხდება „ევექსი კლინიკების“ ოჯახის ექიმის მიერ, პაციენტის ანამნეზის და ფიზიკური გასინჯვის შესაბამისად.
პოსტკოვიდ პროგრამაში ჩართვა საქართველოს მასშტაბით 6 რეგიონში, „ევექსის“ კლინიკების 33 კლინიკაშია შესაძლებელი. გამოკვლევების ჩასატარებლად აუცილებელია, პაციენტი ჩაეწეროს მისთვის სასურველ „ევექსი კლინიკების“ ოჯახის ექიმთან.