„დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“: ჩვენი მოსახლეობის 35 % აქტიური მოთამაშეა, პრემიერის გადაწყვეტილება ძალიან იმედისმომცემია

„ონლაინსამორინეების რეგულირებასთან დაკავშირებით პრემიერის გუშინდელი გადაწყვეტილება ძალიან სერიოზული პოლიტიკური განაცხადია, ეს ძალიან იმედისმომცემია“, – ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ” დამფუძნებელმა, თამარ ჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯაფარიძე ონლაინკაზინოების რეგულირების საკითხის შესახებ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ჯაფარიძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფომ გადაწყვეტილება დროულად მიიღო. მისივე განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების 35% აზარტული თამაშების აქტიური მოთამაშეა.

„ჩვენ ონლაინსამორინეებზე რეგულაციების დაწესებასა და სარეკლამო მარკეტინგის მაქსიმალურ შეზღუდვა-აკრძალვას წლების მანძილზე ვითხოვდით. წლების მანძილზე ფინანსთა სამინისტროსთან, სამთავრობო ჯგუფთან ერთად ვიმუშავეთ, სადაც კანონპროექტი შეიქმნა, მაგრამ ამ კანონპროექტმა დღის სინათლე ვერ ნახა იმიტომ, რომ პოლიტიკური ნება არ იყო. ბატონი პრემიერის გუშინდელი განცხადება მოწმენდილ ცაზე კაშკაშა ვარსკვლავივით აბრდღვიალდა, ეს ძალიან სერიოზული პოლიტიკური განაცხადი იყო, რომელმაც იმედის ნაპერწკალი გააჩინა იმისა, რომ ქვეყანის ხელისუფლება უკვე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ონლაინსამორინეების რეგულირების ჩარჩოებში მოქცევა აუცილებელია. ვირტუალურ სამყაროში სათამაშო სერვერები ნაკლებადკონტროლირებადია, სახელმწიფო ამას ვერ აკონტროლებს. ფინანსთა სამინისტრომ არ იცის, რამდენია ან გასავალი, ან შემოსავალი, ან ნამდვილი მოგება რა რჩებათ. ამიტომ, ვფქრობთ, რომ სახელმწიფომ გადაწყვეტილება დროულად მიიღო, ვინაიდან, ჩვენი მონაცემებით, მხოლოდ 1 ონლაინსამორინეს, პანდემიის დროს, სუფთა მოგება 177 მილიონი ლარი დარჩა. თუკი ეს ინფორამცია „დედების ორგანიზაციისთვისაა“ ცნობილი, რა თქმა უნდა, ფინანსთა სამინისტროსთვისაც ცნობილია. ეს არაა მარტივი, ეს ის ბიზნესია, რომელიც ძალაინ დიდი კაპიტალბრუნვით არსებობს. ჩვენი მოსახლეობის 35% აქტიური მოთამაშეა. წარმოიდგინეთ, უზარმაზარ თანხებზეა საუბარი, 2019 წლის საბანკო სექტორის ბრუნვასაც უსწრებს. დღეს ჩვენთან ეს ბიზნესი 32-მილიარდიანი ბრუნვით ხასიათდება.
გუშინდელი გადაწყვეტილება სერიოზული ნაბიჯია. ეს ძალიან იმედისმომცემია. ეს იყო პოლიტიკური ნება. თუ პოლიტიკური ნება არ იქნა, ისე ეს ბიზნესი რეგულაციების ჩარჩოებში ვერ მოექცევა“, – განაცხადა თამარ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ბიზნესის რეგულირება ეტაპობრივად მოხდება.

„ჩვენი ორგანიზაცია წლებია, ფინანსთა სამინსიტროსა და სამთავრობო ჯგუფთან ერთად მუშაობს. ამ ჯგუფის ხელმძღვანელი ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ბატონი მიხეილ დონდუაა და მადლობა მას ამ მხარდაჭერისთვის. დეტალებში ვიცი, კანონპროექტში რა არის ჩაწერილი. ჩვენი წინადადებები ძალიან აქტიურად განიხილება. ვფიქრობ, ამ ბიზნესს ერთიანად რომ მივადგეთ და მოვჩეხოთ, სწორი არ იქნება, ამიტომ დაანონსა ბატონმა პრემიერმა, რომ ეს ეტაპობრივი იქნება. თუ ამ ბიზნესის რეგულირება ეტაპობრივად არ მოვახდინეთ, წარმოიდგინეთ, ადამიანები, რომლებიც დამოკიდებულები არიან თამაშზე, მათთვის ეს ძალიან მძიმე და შოკისმომგვრელი იქნება.

ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დაიწყოს მუშაობა იმაზე, დაავადებულ ადამიანებს როგორი სერვისები შევთავზოთ.

საქართველოს მოქალაქეები მოგებულები უნდა დარჩნენ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოც მოგებული უნდა დარჩეს. თუ სახელმწიფოში არსებობს ბიზნესი, რომელიც რეგულირების მიღმაა დარჩენილი, მას კოლოსალური ფულადი ბრუნვა აქვს და ბიუჯეტში მხოლოდ 240 მილიონი ლარი შედის, ეს ნამდვილად ბადებს ეჭვს, რომ სათამაშო ბიზნესი არაკეთილსინდისიერი გზით ვითარდება.
ასე რომ, ფინანსური თვალსაზრისით, სახელმწიფომ სათამაშო ბიზნესისგან ხეირი ვერ ნახა, სოციალური კუთხით სათამაშო ბიზნესმა ქვეყნის განვითარება დაამუხრუჭა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, ონლაინკაზინოების რეგულირების საკითხთან დაკავშირებით პრემიერმა გუშინდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„სათამაშო ბიზნესის და ონლაინკაზინოების საკითხი თითოეულ მოქალაქეს ძალიან აწუხებს. 1,5 მილიარდი ლარი ონლაინკაზინოების მეშვეობით გაედინება ქვეყნიდან. ჩვენი მოქალაქეები, ახალგაზრდები ყოველ დღე თამაშობენ ონლაინკაზინოში და აგებენ ფულს და ეს თანხა შეადგენს 1,5 მილიარდ ლარს. მე ამაზე საუბარი მქონდა ჩვენს ეკონომიკურ გუნდთან. ფინანსთა მინისტრს უკვე აქვს ხედვა. ბატონი მინისტრი წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინკაზინოების მფლობელებისათვის. მათგან აბსოლუტური უმრავლესობა უცხოური კომპანიაა და, საუბედუროდ, ჩვენი მოქალაქეების ფული გაედინება უცხოეთში – 1,5 მილიარდი ლარი. აქედან დიდი ნაწილი – 99% არის გაჭირვებული მოსახლეობა, ისინი, რომლებიც არ მუშაობენ.

პირველ ეტაპზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი. მეორე ეტაპზე კი საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინკაზინოები. ეს ხედვა მაქვს. მე მზად ვარ, ამის შესახებ ღიად ვისაუბრო და იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით საზოგადოების მხარდაჭერა იქნება. პარლამენტთან აქტიურად ვიმუშავებთ და ერთობლივად ოპტიმალურ, გონივრულ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები