განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის 2020 წლის ანგარიში მოისმინეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის 2020 წლის ანგარიში” მოისმინეს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე.
პარლამენტის ინფორმაციით, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფუტკარაძემ სამაუწყებლო პოლიტიკისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა. მან დეპუტატებს გააცნო ინფომრაცია მაუწყებლის მიერ 2020 წელს განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლოდ დაგეგმილი საგანმანათლებლო, შემეცნებითი და გასართობი პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.
მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ წარმატებულ პროექტზე „ტელესკოლა”. მისი თქმით, სხვადასხვა კვლევები ადასტურებენ, რომ ტელეგაკვეთილები მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვან სასწავლო რესურსს წარმოადგენდა. „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევაში, რომელიც გაერო‐ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით განხორციელდა, აღმოჩნდა, რომ 6‐17 წლის ასაკის ბავშვების პროცენტული წილი, რომლებიც 2020 წლის მარტში საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვის შემდეგ უყურებდნენ სატელევიზიო გაკვეთილებს, 57.3% შეადგენს ქალაქში, ხოლო 60%‐ს რეგიონებში”, – აღნიშნა ირინა ფუტკარაძემ.
როგორც ირინა ფუტკარაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ გაკვეთილები გათვალისწინებული იყო ეროვნული უმცირესობისთვის აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთათვის უზრუნველყოფილი იყო სურდო თარგმანი. მოსმენილი ანგარიში კომიტეტმა ცნობად მიიღო.