„არსენა ყაჩაღი“ – აღდგენილი ფილმის ჩვენება გაიმართება
24 ნოემბერს, 18:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი ვლადიმერ ბარსკის ფილმ „არსენა ყაჩაღის” აღდგენილ ვერსიას წარმოადგენს.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, „არსენა ყაჩაღი” გადაღებულია 1923 წელს. ფილმის ოპერატორია ალექსანდრე დიღმელოვი.
მსახიობები: გრიგოლ ჩეჩელაშვილი, ნატო ვაჩნაძე, პავლე ესიკოვსკი, კოტე ანდრონიკაშვილი, ვასილ არაბიძე, ასია ბარხუდაროვა, ივანე კრუჩინინი, გრიგორ ავეტიანი, თამარ თოიძე, იაკობ ლაფერაშვილი, ვასო აბაშიძე, გარსევან გომართელი, ზაალ ტურიშვილი.
სინოფსისი:
არსენას თანასოფლელ გლეხს ბატონის ბრძანებით ქორწილიდან პატარძალს მოსტაცებენ. არსენა უშედეგოდ ცდილობს ბატონისგან გლეხის ცოლის დახსნას. ბატონი შემდეგ არსენას ცოლს შეაცდენს და შეურაცხყოფილი გლეხი ბატონზე შურს იძიებს – სახლს გადაუწვავს.
საპყრობილედან გაქცევის შემდეგ არსენა ამბოხებულ გლეხებს უერთდება, მაგრამ მათი საქციელით გულგატეხილი, მჩაგვრელთა წინააღმდეგ მარტო განაგრძობს ბრძოლას.
კინომემკვიდრეობაზე ზრუნვა ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქართული ფილმების დაბრუნდების პროცესი 2016 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. ამ ეტაპზე რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდიდან“ ჩამოტანილია 60-მდე ფილმი, აქედან აღდგენილია 34.
1920-1930 წლების რეტროსპექტივის მონაწილე ფილმები აღდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით, გიორგი კაკაბაძის ხელმძღანელობით. პროექტის პარტნიორები არიან ეროვნული არქივი და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია.
კინოჩვენებაზე დასწრება მოხდება ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციების სრული დაცვით. კინოდარბაზში დაიშვება 70 სტუმარი. ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.