„პოლიტიკური დღის წესრიგი და 1920-იანი წლების ქართული კინო“ – საჯარო ლექცია გაიმართება

24 ნოემბერს, 16:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი უმასპინძლებს საჯარო ლექციას – „პოლიტიკური დღის წესრიგი და 1920-იანი წლების ქართული კინო”.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ლექციას გაუძღვება ჟურნალისტი და ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი.
„1921 წლიდან, საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ, კინოწარმოების სახელმწიფოს მიერ მონოპოლიზება კომუნისტური რეჟიმის განკარგულებათა პირველივე სერიაში მოექცა. კინო – როგორც პროპაგანდის ყველაზე სტრატეგიული იარაღი, სრული დატვირთვით მუშაობდა 1920-იანი წლებში, თუმცა მისი ეფექტი მხოლოდ პროპაგანდისტული კინო-ჟურნალების თუ იდეოლოგიზებული მხატვრული ფილმების ფორმებსა და შინაარსში არ მდგომარეობდა.
კინოინდუსტრიის წარმატება რეჟიმის საგარეო რიტორიკის ნაწილი იყო, წარმოება კი საინტერესოდ ირეკლავდა 1920-იანი წლების ბოლშევიკურ პოლიტიკურ დღის წესრიგს.
ლექცია შეეცდება დაახასიათოს ამ პერიოდის პოლიტიკური ძირითადი პროცესები და მისი ზემოქმედება კინოს განვითარებაზე“, – აღნიშნულია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისათვის: ირაკლი ხვადაგიანი – 2005-2009 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ჟურნალისტიკის სპეციალობაზე.
2010-2013 წლებში სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების ფაკულტეტზე, სპეციალობა – კავკასია ევროპულ და გლობალურ კონტექსტში.
2014 წლიდან არის ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
2010 წლიდან არის „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი.
მუშაობს კვლევებზე, საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესების შესახებ მე-19 საუკუნის ბოლო – მეოცე საუკუნის დასაწყისში, საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918-1921), 1920-იანი წლების წინააღმდეგობის მოძრაობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები