აშშ-მ „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინის „ბუსტერდოზების“ ავტორიზება ქვეყნის ყველა ზრდასრული მოქალაქისთვის მოახდინა
ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ, ნებართვა გასცა „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ „ბუსტერდოზების“ გამოყენების თაობაზე, – ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გადაწყვეტილების მიხედვით, „ბუსტერდოზებით“ ვაქცინაცია ქვეყნის ყველა ზრდასრულს შეეძლება იმ შემთხვევაში, თუ სრული იმუნიზაციიდან 6 თვეა გასული.
„ბუსტერდოზების“ ავტორიზება მილიონი ამერიკელის კოვიდინფექციისგან დაცვის მიზნით და „დელტა“ ვარიანტთან კიდევ უფრო ეფექტიანად საბრძოლველად იქნა შემოღებული.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი კვირის მანძილზე, აშშ-ში კოვიდინფიცირების მზარდი ტენდენცია შეინიშნება, რაც „დელტა“ ვარიანტის სწრაფი გავრცელებითაა გამოწვეული. ქვეყნის მოწინავე ინფექციონისტის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, „ბუსტერდოზების“ ავტორიზებით ინფექციის გავრცელება მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს.
ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის თქმით, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება გამყარებულია შესაბამისი კვლევებით, რომლის მიხედვითაც, „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინის მესამე დოზის მიღებისას, ადამიანი გაცილებით ეფექტურად ებრძვის ინფექციას გაძლიერებული იმუნური სისტემის წყალობით.