საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ელექტროენერგიის გადაცემის სექტორის რეფორმის პროგრამა) განიხილეს და მის რატიფიცირებას მხარი დაუჭირეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე.

პარლამენტის ინფორმაციით, პროექტის მიზანია ელექტროგადამცემი ხაზების სექტორში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” საოპერაციო, ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობის გაძლიერება.

„აზიის განვითარების ბანკი უკვე 3 წელია გვეხმარება ენერგეტიკის სექტორში სხვადასხვა რეფორმების კუთხით. წარმოდგენილ ტრანშთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 2020 წელს დაიწყო, რომლის მთავარი მიზანი ელექტროგადამცემი ხაზების ნაწილში რეფორმის განხორციელება, სახელმწიფო ელექტროსისტემის გამართული ფუნქციონირება იყო, რაც თავის თავში მის კორპორატიზაციას გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ ელექტროსისტემა 13 წლიანი რეაბილიტაციის რეჟიმიდან გამოვიდა.

შეირჩა ელექტროსისტემის დამოუკიდებელ მმართველთა საბჭო, რომელმაც კორპორაციული მართვისთვის საჭირო დოკუმენტები დაამტკიცა და რის შემდგომაც, აზიის განვითარების ბანკთან სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ. მისი განმარტებით, წარმოდგენილი შეთანხმება ბანკის მიერ საქართველოსთვის დაახლოებით 87,5 მლნ. ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას ითვალისწინებს, რომლის ხანგრძლივობა 15 წელია, მათ შორის 3 წელი შეღავათიანია, ხოლო საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია Euribor-ზე და ამჟამად არსებული განაკვეთით არის უპროცენტო. აღნიშნული ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს წარმოადგენს და იგი პირდაპირ, სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები