ბულგარეთის პრეზიდენტი: ყირიმი რუსეთის არის, სანქციები კი არაეფექტურია

ბულგარეთის პრეზიდენტი, რუმენ რადევი, რომელსაც მეორე ვადით არჩევა სურს, ანექსირებულ ყირიმს რუსეთის ტერიტორიად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ევროკავშირის ანტირუსული სანქციები არაეფექტურია.

ამის შესახებ მან პრეზიდენტობის მთავარ ოპონენტთან, ანასტას გერჯიკოვთან დებატებზე თქვა.

მედია წერს, რომ დებატების დროს გერჯიკოვმა ყირიმს “უკრაინის ტერიტორია” უწოდა, მიუხედავად იმისა, თუ რომელი დროშა ფრიალებს მის თავზე. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ვერ მოიხსნება, სანამ ყირიმისა და რუსეთში ადამიანის უფლებების საკითხები არ მოგვარდება.

ამავდროულად, მოქმედმა პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არაეფექტურია.

“ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკაში პრაგმატიზმი. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არაეფექტურად გამოიყურება. ჩვენ გვჭირდება პრაგმატული პოლიტიკა მოსკოვის მიმართ. და ბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლაში,” – თქვა მან.

გერჯიკოვის დამაზუსტებელ კითხვაზე, ვისია ყირიმი, რადევმა თქვა: “ახლა ის რუსეთის არის”.

რადევმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ვერ იქნება ქვეყნის განვითარების მოდელი, “მაგრამ რუსეთი ვერ იქნება ჩვენი მტერი”. მისი თქმით, რუსეთთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაციაა, ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანი მოსკოვთან დიალოგის ძიებაა.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში რადევმა ხმების 49,42% მიიღო, გერჯიკოვმა კი – 22,83%.

რადევს მუდმივად აქვს პრორუსული შეხედულებები.

2016 წელს არჩევნებში გამარჯვებისთანავე მან გამოაცხადა, რომ იმუშავებდა ევროკავშირთან, რათა მან რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააუქმოს. მანამდე, ის ამბობდა, რომ ყირიმი დე -იურე უკრაინის არის, მაგრამ დე ფაქტო რუსეთისაა და რომ რუსეთი არ არის ბულგარეთის მტერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები