საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ნატო-ს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრთან თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნატო-ს პირველი პარტნიორი ქვეყანაა, რომელმაც ალიანსის სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრთან ფორმალური თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, უნგრეთის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე ნატო-ს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრს ესტუმრა, სადაც მან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. შეთანხმება მიზნად ისახავს ცენტრსა და თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სამხედრო-სამედიცინო წვრთნებისა და სწავლებების გამოცდილების გაზიარებას, სამედიცინო პერსონალის გადამზადებას, ასევე, მობილური ჯანდაცვის შესაძლებლობების განვითარებას.
სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთ ინიციატივად განისაზღვრა. ამ კუთხით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ნატო-ს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრთან, – აღნიშნულია ინფორმაციაში.