ლატვიაში არავაქცინირებული დეპუტატები საპარლამენტო საქმიანობას ვეღარ ახორციელებენ – მათ ხელფასის მიღებაც შეუჩერეს
ლატვიის პარლამენტში არავაქცინირებულ დეპუტატებს საპარლამენტო საქმიანობა შეეზღუდათ, მათ არც ონლაინშეხვედრებსა და კენჭისყრის პროცედურებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, – ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
გამონაკლისი მხოლოდ ის არავაქცინირებული დეპუტატები არიან, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს.
მსგავსი წესი კანონმდებლებისთვის გასულ თვეს ავსტრალიის ვიქტორიის შტატში აამოქმედეს, თუმცა, ლატვია პირველი ქვეყანაა, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღო.
ამასთან, არავაქცინირებულ დეპუტატებს ანაზღაურების მიღებაც შეუჩერდებათ.
რეგულაციას, რომელიც ძალაში კვირის დასაწყისში შევიდა, 100 დეპუტატიდან 62-მა დაუჭირა მხარი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ლატვიაში ინფექციის 1221 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 26 ადამიანი.