აშშ-ში 2024 წლიდან პუტინის პრეზიდენტად არაღიარების შესახებ რეზოლუცია მომზადდა
ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რუსეთის სახელმწიფოს მეთაურად, თუ ის 2024 წელს ახალი ვადით იყრის კენჭს.
ამის შესახებ ნათქვამია რეზოლუციის პროექტში, რომელიც აშშ-ის კონგრესს წარედგინა.
ტექსტში ნათქვამია, რომ „პუტინი ხელისუფლებაშია საარჩევნო დარღვევების გამო და მისი ვადის გაგრძელება უკანონოა“. დოკუმენტში, 2020 წლის რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს უწოდებენ „რუსეთის კანონებისა და საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას“.
„პუტინის ნებისმიერ მცდელობას, დარჩეს თანამდებობაზე 2024 წლის შემდეგ, უნდა მოჰყვეს შეერთებული შტატების მხრიდან არაღიარებას“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში, ის სარეკომენდაციო ხასიათის იქნება, თუმცა, მოსკოვში მკაცრი განცხადებები უკვე გაკეთდა.
მაგალითად, სენატორმა ვლადიმერ ჯაბაროვმა თქვა, რომ თუ კონგრესმენები რეზოლუციას დაუჭერენ მხარს, ეს “ურთიერთობების გაწყვეტას გამოიწვევს”.
ვლადიმერ პუტინს ჯერ არ გაუცია პასუხი კითხვაზე, იყრის თუ არა კენჭს 2024 წელს.
თეორიულად მას ახალი ვადით კენჭისყრა და ხელისუფლებაში 2036 წლამდე დარჩენა შეუძლია, 2020 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე.