“გვჭირდება ვაქცინა რუსული აგრესიის ვირუსის წინააღმდეგ, რომელიც მუტაციას განიცდის და “ცივ ომს” აბრუნებს” – უკრაინის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინთან შეხვედრაზე

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსი რეზნიკოვი პენტაგონის ხელმძღვანელ ლოიდ ოსტინს შეხვდა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზში ნათქვამია, რომ რეზნიკოვმა კოლეგას შეხვედრისას უთხრა – “უკრაინას სჭირდება „ვაქცინა“ რუსული აგრესიის ვირუსის წინააღმდეგ – რეალური ქმედებები, რომლებსაც შეუძლია ესკალაციის თავიდან აცილება. შეერთებულ შტატებთან ერთად, ის იმუშავებს ისე, რომ რუსეთის ფედერაციისთვის ესკალაციის ფასი მიუღებელი იყოს”.

შეხვედრის შემდეგ, რეზნიკოვმა განაცხადა, თუ რა განიხილა ოსტინთან, რა შეიძლება – იყოს პასუხი რუსეთის მხრიდან აგრესიულ ქმედებებზე.

„კრემლს აქვს მაღალი და სქელი კედლები. მათ უჭირთ შეშფოთების სიტყვების მოსმენა და დიალოგისკენ მოწოდებები. თუმცა, მათ კარგად ესმით ქმედებები, განსაკუთრებით, პროაქტიული. ეს არის ერთგვარი ვაქცინაცია საშიში ვირუსის წინააღმდეგ. აგრესია, რომელიც მუტაციას განიცდის და სამყაროს აბრუნებს “ცივი ომის” მდგომარეობაში. მოხდება თუ არა ეს – დიდწილად, დამოკიდებულია ცივილიზებული სამყაროს ერთიანობასა და მონდომებაზე, აგრესორი შეაჩეროს“, – განაცხადა მან.

თავის მხრივ, ოსტინმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს კონსულტაციებს პარტნიორებსა და მოკავშირეებთან, მათ შორის, უკრაინასთან რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინას თავდაცვის სექტორში რეფორმების განხორციელებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები