სლოვაკეთში არავაქცინირებული პირების მიმართ მკაცრი რეგულაციები ამოქმედდება
სლოვაკეთში არავაქცინირებულ პირებს რესტორნებში, მაღაზიებში, სპორტდარბაზებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა აეკრძალათ. აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე განცხადება ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა გააკეთა. „ვაცხადებთ „ლოქდაუნს” არავაქცინირებული პირებისთვის“, – აღნიშნა ჰეგერმა პრესკონფერენციაზე.
5-მილიონიან ქვეყანაში გუშინ კოვიდინფიცირების 8000 შემთხვევა დაფიქსირდა. სლოვენიაში უკვე რამდენიმე დღეა, საწოლფონდის მწვავე დეფიციტია, ხოლო ვაქცინირებულ პირთა რაოდენობა მხოლოდ 44 პროცენტია.
გამკაცრებული რეგულაციები ქვეყანაში მომავალი კვირის ორშაბათიდან ამოქმედდება, რაც არავაქცინირებული მოქალაქეების სავალდებულო ტესტირებას გულისხმობს სამუშაო ადგილებზე. რეგიონებში, სადაც კოვიდინფიცირების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, დაიხურება ყველა სახის კვების ობიექტი, სასტუმროები და სპორტდარბაზები.
აღნიშნულ რეგულაციებს ასევე გამოეხმაურა ჩეხეთის მთავრობა, სადაც, ასევე, ორშაბათიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდება.
შეგახსენებთ, რომ ჩეხეთში სამშაბათს 22.500 კოვიდინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, რაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.