საბერძნეთი არავაქცინირებული პირების მიმართ შეზღუდვებს ამკაცრებს

საბერძნეთი მომდევნო კვირიდან არავაქცინირებული პირების მიმართ გამკაცრებული კოვიდშეზღუდვების ამოქმედებას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერმინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა გააკეთა, მიმდინარე კვირას დაფიქსირებული, ინფიცირების მკვეთრი ზრდის საპასუხოდ.
გამკაცრებული შეზღუდვების შესახებ მიცოტაკისმა დეტალურად ისაუბრა სატელევიზიო მიმართვისას. ახალი კოვიდრეგულაციების თანახმად, არავაქცინირებულ პირებს აეკრძალებათ ყველა სახის შიდა სივრცეში, მათ შორის, კინოთეატრებში, მუზეუმებსა და სპორტულ დარბაზებში შესვლა.
შეგახსენებთ, რომ ავსტრიამ უკვე შემოიღო „ლოქდაუნი“ ქვეყანაში მცხოვრები, დაახლოებით, 2 მილიონი არავაქცინირებული პირისთვის. მათ 10 დღისით ეკრძალებათ სახლიდან გასვლა, თუ ეს გადაუდებელ საჭიროებას არ უკავშირდება. თუმცა, ამოქმედებული შეზღუდვების მიუხედავად, კოვიდინფიცირების მზარდი სტატისტიკის გამო, ქვეყნის რეგიონებში უკვე განიხილავენ სრული „ლოქდაუნის“ ამოქმედების ალბათობას ინფექციების დინამიკის შემცირების მიზნით.

ანალოგიური შეზღუდვები და აკრძალვები დააწესა ნიდერლანდებმაც, სადაც ნაწილობრივი შეზღუდვა ამოქმედდა ბარებისა და რესტორნების მიმართ, რომლებიც იძულებულნი არიან, საღამოს 8 საათზე დაიხურონ. შეზღუდვა ასევე ეხებათ საცალო ვაჭრობის ობიექტებსა და სხვა დაწესებულებებს, როგორიცაა სალონები და სილამაზის ცენტრები, რომლებიც ახალი რეგულაციით საღამოს 6-ზე უნდა დაიკეტოს.

გერმანიაში ასევე ფიქსირდება ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი, რის გამოც არავაქცინირებული პირების მიმართ ქვეყანაში გამკაცრებული შეზღუდვები ამოქმედდება.

წყარო:https://www.standard.co.uk

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები