სტალინის შვილთაშვილი საბჭოთა ლიდერის საფლავის გახსნას ითხოვს – სიკვდილის შესახებ სიმართლის დასადგენად
იოსებ სტალინის უახლოესი ნათესავი, მისი შვილთაშვილი – სელიმ ბენსაადი საბჭოთა სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის ნეშტის ექსჰუმაციას ითხოვს. ბენსაადის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ გზით ის აპირებს, შეასრულოს ცნობილი ბაბუის ნება.
ბენსაადის წარმომადგენლის , ვადიმ გორჟანკინის თქმით: „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის, სელიმ ბენსაადის, როგორც იოსებ ვისარიონოვიჩ ჯუღაშვილის (სტალინის) კანონიერი შვილთაშვილის ნებაა ისტორიული სამართლიანობის აღდგენა. შესრულდეს ბელადის უკანასკნელი ნება, ასევე, ჭეშმარიტების დადგენა, თუ რა გახდა სტალინის გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი”.
როგორც სტალინის ნათესავის წარმომადგენლები აღნიშნავენ, სიცოცხლეში საბჭოთა ბელადი არაერთხელ საუბრობდა, რომ სურს, იყოს დაკრძალული ნოვოდევიჩის სასაფლაოზე, სადაც მისი მეუღლე, ნადეჟდა ალილუევა დაკრძალეს.
სელიმ ბენსაადი სტალინის შვილის, იაკობ ჯუღაშვილის შვილიშვილია, რომელიც ტყვედ ჩავარდა დიდი სამამულო ომის დროს და გარდაიცვალა საქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში. სელიმ ბენსაადი დაიბადა მისი ქალიშვილის, გალინა ჯუღაშვილისა და ალჟირის მოქალაქე ჰოსინ ბენსაადის კავშირიდან.
იოსებ სტალინი 1953 წლის 5 მარტს, ოფიციალური ვერსიით, ტვინში გაჟონვისგან გარდაიცვალა.