ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ოპოზიციას ღია წერილით მიმართავენ

ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ღია მიმართვას ავრცელებენ და ოპოზიციას მოუწოდებენ, შეწყვიტონ დესტრუქციული მოქმედებები და ხელისუფლების ოპონირება განახორციელონ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვეტერანები წინ აღუდგებიან ქვეყანაში დაპირისპირებისა და არეულობის შექმნის მცდელობებს.

“ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერნი, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები წინამდებარე მოწოდებაზე ხელის მოწერით საჯაროდ ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება საფრთხეს უქმნის სამშობლოს მშვიდობიანი განვითარების პროცესს, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებასთან ერთად ეკისრება ოპოზიციასაც.

აქვე მოვუწოდებთ ოპოზიციურ ძალებს, შეწყვიტონ დესტრუქციული მოქმედებები და ხელისუფლების ოპონირება განახორციელონ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში როგორც საკრებულოებში, ასევე, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში – საქართველოს პარლამენტში.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ვეტერანები ვიტოვებთ უფლებას, წინ აღვუდგეთ ქვეყანაში არეულობისა და დაპირისპირების ნებისმიერ მცდელობას ორივე მხრიდან.

მიმართვა ღიაა ყველა ვეტ.არასამთავრობოსთვის, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, შემოგვიერთდეთ”, – წერია მიმართვაში.

მიმართვას ხელს ვეტერანთა 20 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი აწერს. ესენია: საერთაშორისო ასოციაცია “დაიცავი შენი წილი სამშობლო”; ორგანიზაცია კავშირი “300 არაგველი”; ალფა ვეტერანი; “მწვანე სარტყელი”; კავშირი “ერის ტკივილი”; ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია; საქართელოს ვეტერანთა ცენტრალრი კავშირის თბილისის ვეტერანთა კავშირი; რეპრესირებულ ვეტერანთა კავშირი; აფხაზეთის ვეტერანთა ასოციაცია; მსოფლიო ვეტერანთა ფედერაციის კავკასიის კომიტეტი; საქართველოს ვეტერანთა ფედერაცია; მსოფლიოს ვეტერანთა ფედერაციის წევრი – კავშირი ვეტერანები მშვიდობისთვის; საქართველოს მხედრიონი; ვეტერანების უფლებების დაცვის კომიტეტი, ავღანელთა ვეტერანთა კავშირი; აფხაზეთი ვეტერანთა კავშირი აჭარის რეგიონში; ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის და დასაქმების ფონდი; “დაიცავი შენი წილი სამშობლო”-ს ბელგიის ბიურო; ვაზიანის ვეტერანთა გაერთიანება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები