2021 წელს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი წარმატებული იყო
სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების აქტიური ეტაპი დაასრულა, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოში მობილიზებული იყო 250-მდე სპეციალიზებული ტექნიკა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები, სახელმწიფო პროგრამით დადგენილი გეგმის მიხედვით, წარმატებით განხორციელდა, რის შედეგადაც, ფაროსანას მიერ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება მინიმუმამდე შემცირდა და ფერმერებმა წელსაც თხილის, სიმინდისა და ციტრუსის კარგი მოსავალი მიიღეს. სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და აჭარის 33 მუნიციპალიტეტში დამუშავებულია 186 000 ჰექტრამდე ფართობი (თერმული ნისლის ტექნოლოგიით – 113 500 ჰა, სიმინდის მასივი – 34 700 ჰა, სოფლისა და ტყის პერიმეტრი – 37 800 ჰა). გარემოზე პესტიციდების დატვირთვის შემცირების მიზნითა და წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, მიმდინარე წელსაც აქცენტი ,,მოიზიდე და გაანადგურე” ტექნოლოგიის გამოყენებაზე გაკეთდა.
სადგურები ტყის პერიმეტრებზე, სოფლის შიდა გზებსა და საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ, ფუტკრის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, არაყვავილოვან მცენარეებზე განთავსდა. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 6000-მდე ფერომონიანი დამჭერი დამონტაჟდა, ინფორმაცია ასახულია ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში შექმნილ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში, – აღნიშნულია ინფორმაციაში.