შვედეთში დახურულ სივრცეებში დაგეგმილ ღონისძიებებზე კოვიდპასპორტების წარდგენას მოითხოვენ
შვედეთის ხელისუფლება გეგმავს, დახურულ სივრცეებში დაგეგმილ ღონისძიებებზე, სადაც 100-ზე მეტი ადამიანი იქნება, კოვიდპასპორტების ქონა სავალდებულო იყოს, – ამის შესახებ “როიტერსი” წერს.
ევროპაში კორონავირუსის შემთხვევები სულ უფრო მატულობს, შვედეთში კი პიკს დეკემბრის შუა რიცხვებში ვარაუდობენ.
ამასთან, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შეიცვლება წესი, რომლის მიხედვითაც, სრულად აცრილ მოქალაქეებს, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაშიც კი, ტესტს არ უკეთებდნენ.
შვედეთში 16 წლის ზემოთ მოსახლეობის, დაახლოებით, 85% მინიმუმ 1 დოზით არის აცრილი, 82% კი სრულად ვაქცინირებულია. ქვეყანას საავადმყოფოებში, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე ცოტა კოვიდინფიცირებული პაციენტი ჰყავს.
შვედეთმა უარი თქვა „ლოქდაუნებზე“ და მოსახლეობას სოციალური დისტანციის დაცვა ურჩია. სხვა სკანდინავიურ ქვეყნებთან შედარებით, სიკვდილიანობა მაღალი ჰქონდათ, თუმცა, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, სადაც მკაცრი „ლოქდაუნები“ მოქმედებდა, გარდაცვლილთა მაჩვენებელი დაბალი იყო.