კულებამ რუსეთის დავალებით უკრაინაში ტერაქტების მოწყობა არ გამორიცხა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ თეორიული შანსი დაუშვა იმის, რომ ბელორუსი-უკრაინის საზღვარი შესაძლოა,  მიგრანტებმა უკანონოდ გადაკვეთონ.

მინისტრის თქმით, ვითარებას ამძიმებს ის, რომ ამით შესაძლოა, დივერსიულმა ჯგუფებმაც ისარგებლონ.

ამის შესახებ მან  “1+1” -ის ეთერში განაცხადა.

საზღვრის დაცვის გაძლიერების შესახებ შეკითხვაზე, მინისტრმა ხაზგასმით თქვა, რომ „ბოლო დროს ძნელი წარმოსადგენია“ ამ მხრიდან მტრული მოქმედებების რეალური საფრთხე, მაგრამ ეს „სრულიად რეალური გახდა“ მას შემდეგ, რაც ალექსანდრე ლუკაშენკომ მთლიანად დაუმორჩილა თავისი პოლიტიკა  რუსეთის ინტერესებს.

კულებამ თქვა, რომ აღნიშნული  აიძულებს უკრაინას, ძირეულად გააძლიეროს საზღვრის დაცვა.

„დღეს მიგრანტები ისარგებლებენ საზღვრის გახსნილობით, ხვალ კი ამით ისარგებლებენ დივერსიული ჯგუფები, რომლებიც ბელორუსიდან ჩამოვლენ რუსეთის დავალებით, რომ უკრაინაში დესტაბილიზაცია მოახდინონ, ტერორისტული აქტები მოაწყონ“, – განაცხადა კულებამ.

მან ასევე თქვა, რომ, საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად საკუთარი ზომების გარდა, უკრაინა აწარმოებს კონსულტაციებს პოლონეთსა და ლიეტუვასთან, ლუბლინის სამკუთხედის ფარგლებში, რომ ეფექტურად მოხდეს ძალისხმევის კოორდინება “პუტინისა და ლუკაშენკოს სპეცოპერაციის” წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები