ვახტანგ ჭარაია: აღმოსავლეთ ევროპაში ინტერნეტთან წვდომის გრძელვადიანი გაუმჯობესებით საქართველო პირველ ადგილზეა
„2021 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“ საქართველო საუკეთესო მესამედშია და 167 ქვეყნიდან 53-ე ადგილს იკავებს. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 2 ადგილით გაუმჯობესებას და საუკეთესო ადგილს ნიშნავს, რაც საქართველოს ოდესმე დაუფიქსირებია რეიტინგში, რომელსაც 2007 წლიდან ბრიტანული Legatum Institute ახორციელებს. წელს საქართველო ინფრასტრუქტურისა და ბაზარზე წვდომის გრძელვადიანი (ათწლიანი) გაუმჯობესებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში დასახელდა. გარდა ამისა, აღმოსავლეთ ევროპაში ინტერნეტთან წვდომის გრძელვადიანი გაუმჯობესებით საქართველო პირველ ადგილზეა”, – ამის შესახებ თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ვახტანგ ჭარაია სოცქსელში წერს.
მისივე შეფასებით, წარმატებებთან ერთად აღსანიშნავია, რომ რეიტინგი საინტერესო რეკომენდაციებსაც გვაძლევს, თუ რომელი მიმართულების უფრო მეტად დახვეწა/განვითარებაა მნიშვნელოვანი.
“ასეთები კი არის:
– ეკოლოგიაზე ზრუნვა, რომლითაც ჩვენ სამწუხაროდ ვერ დავიკვეხნით და
– მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოების წამლებზე ხელმისაწვდომობაცაა და იმედია, ამ კუთხით რეალურ პროგრესს ოპერატიულად მივაღწევთ.
„სხვათა შორის, ეს ის რეიტინგია, რომელიც ბოლო წლებში საქართველოს საკითხებს აქტიურად აკვირდება და შარშანდელ კვლევაში ასეთი ტექსტიც კი ჰქონდა მიძღვნილი: „ასეთი წარმატება ხაზს უსვამს, თუ როგორ შეუძლიათ ერებს, შექმნან გზები სიღარიბიდან კეთილდღეობისაკენ, შექმნან ეკონომიკა, რომელიც კარგად იმართება და მდგრადია შოკების მიმართ“, – აცხადებს ვახტანგ ჭარაია.