მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1%-ით, ხოლო ინფიცირებულთა – 6%-ით არის გაზრდილი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში 8-14 ნოემბერს კორონავირუსით 3,3 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, რაც 1-7 ნოემბრის კვირასთან შედარებით 6%ით მეტია.

ასევე, გაზრდილია ლეტალობის სტატისტიკა, კერძოდ, მსოფლიოში 8-14 ნოემბერს დაავადებას თითქმის 50 ათასზე მეტი პაციენტი შეეწირა, რაც 1-7 ნოემბერთან შედარებით 1%-ით მეტია.

ინფიცირებულთა 64% ევროპის რეგიონზე მოდის, სადაც 8-14 ნოემბერს 2 145 966 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 1-7 ნოემბერთან შედარებით 8%-ით მეტია.

ასევე, ამავე რეგიონზე მოდის ჯამური 57% გარდაცვალება. კორონავირუსს 28 304 პაციენტი შეეწირა, რაც 1-7 ნოემბერთან შედარებით 5%-ით მეტია.

ბოლო ერთ კვირაში, ევროპის გარდა, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია ამერიკაში 8%-ით და დასავლეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში 6%-ით; ამასთანავე, კლება შეინიშნება აფრიკაში 33%-ით; აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში 9%-ით და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 3%-ით.

ლეტალური შემთხვევების რიცხვი განსაკუთრებით შემცირებულია აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში 14%-ით მაშინ, როდესაც, ევროპის გარდა, მატებაა აფრიკაში 3%-ით და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 1%-ით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები