თენგიზ ცერცვაძე: მიუხედავად მძიმე ეპიდსიტუაციისა, მაინც მიმაჩნია, რომ მკაცრი შეზღუდვების და „ლოკდაუნების“ შემოღება გაუმართლებელი და შეუძლებელი იქნება

“მიუხედავად ასეთი საგანგაშო, მძიმე ეპიდსიტუაციისა, მაინც მიმაჩნია, რომ მკაცრი შეზღუდვების და „ლოკდაუნების“ შემოღება დღეს საქართველოში გაუმართლებელი და შეუძლებელი იქნება”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძემ ვაქცინაციის შესახებ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა.

„დღეს ქვეყანაში შექმნილია ვაქცინაციისთვის ალბათ, მსოფლიოში საუკეთესო ხელშემწყობი პირობები. შემოტანილია განუსაზღვრელი რაოდენობით საუკეთესო ვაქცინა, გახსნილია განუსაზღვრელი რაოდენობის ვაქცინაციის პუნქტები, მათ შორის მოძრავი პუნქტები, ავტობუსები, გამოცხადებულია მარათონი, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელები ჩადიან რაიონებში, სოფლებში. სოფელ-სოფელ დადიან, შემოღებულია მატერიალური წახალისება, თან სერიოზული მატერიალური წახალისება 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის. 200 ლარი ერთჯერადად, ფაქტობრივად, ეს ერთი თვის პენსიის რაოდენობაა. ამის მიუხედავად, ოდნავ გაიზარდა ვაქცინირებულთა რიცხვი, მაგრამ არასაკმარისად. გვჭირდება სულ მცირე 40-50 ათასი ვაქცინირება დღეში, რათა მოვახდინოთ რადიკალური გარდატეხა პანდემიის ზრდაში.

მიუხედავად ასეთი საგანგაშო, მძიმე სიტუაციისა, მაინც მიმაჩნია, რომ მკაცრი შეზღუდვების და „ლოკდაუნების“ შემოღება დღეს საქართველოში გაუმართლებელი და შეუძლებელი იქნება. არა და ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მიმართა ამას, არაფერს ვამბობ რუსეთზე. ასევე, ისეთმა ცივილიზებულმა ქვეყნებმაც კი, როგორიც ნიდერლანდები და ავსტრია, განიხილავენ გარკვეული მკაცრი შეზღუდვების დაბრუნებას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სრულად ვაქცინირებულნი არიან. თუმცა, ჩვენთან, ამ ეტაპზე ყოვლად გაუმართლებელი იქნება, შესაძლოა მან დადებითი გავლენა მოახდინოს ახალი შემთხვევების და გარდაცვალების დინამიკაზე, მაგრამ ის გამოიწვევს ეკონომიკის კიდევ ერთხელ ღრმა კრიზისში ჩავარდნას, შემცირდება შემოსავლები და ძალიან მძიმე ტვირთად იგრძნობს მოსახლეობა ამას. გამოსავლს ვხედავ, გარდა იმისა, რომ არის ეკონომიკური წახალისება 60 წელს გადაცილებულებისთვის, ყველას არ აქვს გააზრებული, რომ სასიკეთო ერთ ინექციაში აკეთებენ ორ საქმეს: გადაარჩენენ საკუთარ სიცოცხლეს და რისკის ქვეშ არ დააყენებს თავის გარშემო მყოფი პირების სიცოცხლეს, დამატებით, აიღებენ თავისი თავისთვის სასარგებლო მანიპულაციაში 200 ლარს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები