ლაშა ხუციშვილი: მიზნობრივი სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე ერთ მილიარდ ლარზე მეტია გამოყოფილი
მიზნობრივი სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე მომავალ წელს გამოყოფილია ერთ მილიარდ ლარზე მეტი, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას.
როგორც მან აღნიშნა, დაფინანსების ფარგლებში მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დახმარება იზრდება 25 ლარით, ომში მონაწილე ვეტერანთა 22/44 ლარიანი დახმარება იზრდება 100 ლარამდე.
მისი თქმით, მიმდინარე წლის ივლისიდან გაორმაგებული, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების სრული წლის განმავლობაში დასაფინანსებლად დამატებით გამოყოფილია 75 მილიონი ლარი, ბავშვთა ზრუნვის პროგრამების დაფინანსება შეადგენს 52 მილიონ ლარს.
მომავალ წელს მაღალმთიან დასახლებებში დაწესებული სხვადასხვა სოციალური პროგრამისთვის გამოყოფილია 75 მილიონი ლარი, საპენსიო სქემაში სახელმწიფოს ვალდებულებების დასაფინანსებლად მიიმართება 250 მილიონი ლარი, მუნიციპალიტეტების მიერ დაფინანსებული სოციალური პროგრამების მოცულობა შეადგენს 280 მილიონ ლარს.