როდის იქნება შესაძლებელი კოვიდპასპორტის მონაცემებისთვის სპეციალური აპლიკაციით სარგებლობა – გამყრელიძის განმარტება
მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოს მოსახლეობა შეძლებს, ჩამოტვირთოს შესაბამისი აპლიკაცია, რომელშიც კორონავირუსსა და კოვიდვაქცინაციასთან დაკავშირებით ინდივიდუალური მონაცემები იქნება ასახული.
შესაბამისი განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„მოგეხსენებათ, ჩვენ მივუერთდით ევროკავშირის კოვიდპასპორტისა და აპლიკაციის ინსტრუმენტს. ესაა ურთიერთგაცვლის ინსტრუმენტი. სულ რამდენიმე დღეში გაკეთდება განცხადებები, რომელი აპლიკაცია უნდა ჩამოტვირთოთ, სადაც აღნუსხული იქნება მონაცემები აცრის, ბოლო PCR-ტესტისა და კოვიდინფექციის გადატანის შესახებ. მისი მეშვეობით, საშუალება გექნებათ, რომ კოვიდპასპორტი 1-ელი დეკემბრიდან შევიდეს ძალაში და, ასევე, მოგზაურობის დროს პრობლემა არ შეგექმნათ. ეს სულ მალე, დაახლოებით, ერთი კვირის ვადაში მოხდება. რამდენადაც ვიცი, ევროკავშირის შესაბამის უწყებებში დღეს უნდა გამოქვეყნდეს გადაწყვეტილება და, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ტექნიკურად, მონაცემების დაერთება დამთავრებულია. არ მგონია, ამას ერთ კვირაზე მეტი დრო დასჭირდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.