ბუდაპეშტში უნგრელი ხელოვანის – ადამ ბალოგის საქართველოსადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენის “O Mysterium, O Georgia!” ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა
ბუდაპეშტის ერთ-ერთ ცენტრალურ დარბაზში „Pesti Vigado” უნგრელი ხელოვანის – ადამ ბალოგის საქართველოსადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენის “O Mysterium, O Georgia!” ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენა საქართველოს ელჩმა, ზაალ გოგსაძემ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ელჩმა ხაზი გაუსვა ადამ ბალოგის ნამუშევრების მხატვრულ მნიშვნელობას და აღნიშნა მის მიერ დანახული და აღქმული სამყაროს ფოტოზე გადმოცემის განსაკუთრებული უნარი. საქართველოს ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ ისტორიულ-კულტურულ კავშირებზე და ღონისძიების სტუმრები საქართველოში მიიწვია.
ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, უნგრულმა ფოლკლორულმა ტრიომ „Vardis Kucha” ქართული სიმღერები შეასრულა.
ღონისძიებას უნგრეთის პოლიტიკური და კულტურული წრეებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ბუდაპეშტში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები და უნგრეთში მცხოვრები თანამემამულეები ესწრებოდნენ.
„Pesti Vigado” ადამ ბალოგის ფოტოგამოფენას მ.წ. 21 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.
გამოფენა ტარდება უნგრეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და უნგრეთის ხელოვნების აკადემიის, Pesti Vigado-ს ხელმძღვანელობისა და უნგრეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის თამუნა ჯაფარიძის მხარდაჭერით.