წამლის ფასის რეგულირებასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროში მედიკამენტების ფასის რეგულირებასთან დაკავშირებულის საკითხები განიხილეს. შეხვედრას სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, კონკურენციის სააგენტოს, პარლამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ასევე, შეხვედრაში მონაწილეობდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორიც.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე აღნიშნავს, რომ სააგენტოს მიერ მომზადებული 11 რეკომენდაციის მიზანი სწორედ მომხმარებლის მხრიდან მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების მნიშვნელოვანი შემცირებაა.

„მადლობა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შეხვედრის ორგანიზებისთვის, ყველა დაინტერესებულ მხარეს ჩართულობისთვის, მხარდაჭერისთვის. ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, დარგის ექსპერტებთან, დაინტერესებულ პირებთან, ბაზარზე მოქმედ კომპანიებთან, დარგის მარეგულირებელთან ერთად განვიხილოთ, ჩავერთოთ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომ წარმოდგენილი რეკომენდაციები შესაბამისად აისახოს საკანონმდებლო ცვლილებებში,“ – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, წამლის ფასის რეგულირების ნაწილზე მუშაობა ერთ წელზე მეტია, რაც მიმდინარეობს.

„ჩვენ მოვახდინეთ არსებული საკანონმდებლო ბაზის რევიზია, რომელიც ამ მიმართულებას არეგულირებს. ეს კანონმდებლობა არის 2009 წელს მიღებული და მოძველებული. ამიტომ ჩვენ, როგორც ადგილობრივ, ასევე ევროპელ ექსპერტებთან ერთად შევიმუშავეთ ახალი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც იქნება უფრო მეტად დახვეწილი და ის უზრუნველყოფს, რომ ამ სექტორში ბაზარი იყოს დარეგულირებული და გახდეს შესაძლებელი, რომ მედიკამენტი ქვეყანაში იყოს ხარისხიანი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეხვედრაზე მოხდა სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტება, რომელიც წამლის ფასის რეგულირებასთან დაკავშირებით კონკრეტულ ინიციატივებს შეიმუშავებს, რასაც საბოლოოდ საკანონმდებლო სახე მიეცემა. პროცესში აქტიურად იქნება ჩართული სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები