ლევან იოსელიანი – სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: თავიდან ბოლომდე ვიზიარებ​

პარლამენტის ვიცესპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სრულად იზიარებს.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლო სააკაშვილს განსაკუთრებით დააკვირდება.

„​წლებია, თვალს ვადევნებთ პროცესს, როცა არჩევნების შემდეგ, ორივე მხარე – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ზეიმობენ ხოლმე, სწორედ ამ ოპერის გაგრძელებაა, რაც სტრასბურგის სასამართლოს განცხადებაზე ხდება.
ამ გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, შიმშილობა შეწყვიტოს და ამავე დროს პენიტენციურ სამსახურს დაავალა, რომ ყველა ინფორმაცია მიაწოდოს მისი ჯანმრთელობის შესახებ, იზრუნოს მის ჯანმრთელობაზე შიმშილობის შემდგომ პერიოდში, ანუ, მის რეაბილიტაციაზე. ამ გადაწყვეტილებაში ეს წერია, რომელსაც თავიდან ბოლომდე ვიზიარებ. სტრასბურგის სასამართლო მიხეილ სააკაშვილს განსაკუთრებით დააკვირდება. რამდენადაც ვიცი, სხვა საჩივრებიც არის შეტანილი და არ გამოვრიცხავ, რომ ამ საჩივრებზეც მალე იყოს პასუხი“, – განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მას შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები