აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოში ახალი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და უკვე არსებულის რეაბილიტაციისთვის, ასევე, ურბანულ ცენტრებში სერვისების გასაუმჯობესებლად ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ქვეყანაში ცხოვრების ხარისხის გაზრდის მიზნით 101 მილიონი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა.
„საქართველომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროგრესი აჩვენა ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა, ეკონომიკური ზრდა არათანაბრად იყო განაწილებული და მასზე მძიმე ზეგავლენა იქონია კოვიდ-19-ის პანდემიამ. ეს პროექტი საქართველოს პანდემიის გავლენისგან გათავისუფლებაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს ქალაქების უფრო მდგრად, მრავალმხრივ და კლიმატის ცვლილებებისადმი შემდეგ განვითარებას“, – განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, ევგენი ჟუკოვმა.
ADB-ის ქალაქების მდგრადი განვითარების საინვესტიციო პროექტი (Livable Cities Investment Project for Balanced Development) წინასწარი გათვლებით თბილისსა და რეგიონებში 1.5 მილიონ ადამიანს მოუტანს სარგებელს.
პროექტით გათვალისწინებული რესურსები ქალაქების ცენტრების, საზოგადოებრივი ადგილებისა და პარკების რეაბილიტაციას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებას მოხმარდება. პროექტის ფარგლებში, აშენდება ბიბლიოთეკები, ელექტრონული სწავლების ცენტრები, საბავშვო ბაღები, სპორტული კომპლექსები და სხვა საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებები. პროექტი განხორციელდება ADB-ის მიერ შემუშავებული „ინკლუზიური ქალაქების გზამკვლევის“ მიხედვით საყოველთაო წვდომის უზრუნველსაყოფად და ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად ხანდაზმულებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ქალებისა და ბავშვებისთვის.
პროექტი ასევე ხელს შეუწყობს კულტურული ობიექტების, ქალაქების ისტორიული ცენტრებისა და სხვა ტურისტული ადგილების რეაბილიტაციას. ასევე, განახლდება ტრანსპორტის სისტემები, მათ შორის, თბილისის მეტრო, გაუმჯობესებული წვდომისა და ტურიზმის ხელშეწყობისთვის, რაც საქართველოს ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
პროექტი ასევე გააძლიერებს მთავრობის შესაძლებლობებს რეგიონული და ადგილობრივი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის სასწავლო პროგრამების გზით.