გოგა ხაინდრავა: დღეს კობა დავითაშვილს, ამ სწორუპოვარ მებრძოლს საქართველოსთვის, მიენიჭა ღირსების ორდენი, ვფიქრობ, ამით ეს დღე უკვე არის დაარსებული
“კობა დავითაშვილს 7 ნოემბერს ღირსების ორდენი რომ გადაეცა, ესე იგი ყველა იმ ადამიანს გადაეცა, ყველა თქვენგანს, რომელიც იმ დღეს აქ იყო და გულშემატკივრობდა, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან რუსთაველზე შეკრებილებს ერეკლე მეფის დაბადების დღეც მიულოცა.
„საქართველო სიმბოლოების ქვეყანაა. დღეს პატარა კახის დაბადების დღეა. ერეკლე მეფის, რომელსაც ვერავინ ჩაანაცვლებს.
დღეს კობას, ჩვენმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენი მიანიჭა და ვფიქრობ, ეს ძალიან სიმბოლურია. დღეს კობა დავითაშვილს, ამ სწორუპოვარ მებრძოლს საქართველოსთვის, ჩვენთვის ყველასთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის, მიენიჭა ღირსების ორდენი. ვფიქრობ, ამით ეს დღე უკვე არის დაარსებული. კობა დავითაშვილს 7 ნოემბერს ღირსების ორდენი რომ გადაეცა, ესე იგი ყველა იმ ადამიანს გადაეცა, ყველა თქვენგანს, რომელიც იმ დღეს აქ იყო და გულშემატკივრობდა იმას, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. მზად იყო, ამისთვის საკუთარი სიცოცხლე გაეწირა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილები 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ.