ირაკლი ზარქუა: მინდა, მივულოცო გიორგი ხარჩილავას გამარჯვება; ვინც საქმეს გააკეთებს, ჩვენ მის გვერდით დავდგებით, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა
„მინდა, მივულოცო ჩვენს ოპოზიციას, ქალაქ წალენჯიხაში, გიორგი ხარჩილავას გამარჯვება. ვინც საქმეს გააკეთებს, ჩვენ მის გვერდით დავდგებით, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარალამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ზარქუამ წალენჯიხაში, თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ოპოზიციის კანდიდატ გიორგი ხარჩილავას და თანადგომა აღუთქვა.
„მას უყვარს ეს რაიონი და სანამ ბატონი გიორგი იქნება წალენჯიხელების ინტერესების გამტარებელი, ჩათვალოს, რომ მე მის გვერდით ვარ ყველა იმ პროექტში და ყველა იმ საკითხში, რაც ჩემი რაიონის, ჩემი წალენჯიხელების ინტერესებს დააკმაყოფილებს. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ჩვენ არ ვართ ჩასაფრებული. ვინც საქმეს გააკეთებს, ვინც ჩვენი მოსახლეობის იმ არჩევნების შედეგად მოპოვებული მანდატის ღირსეულად შესრულებას დაიწყებს, ჩვენ მის გვერდით დავდგებით, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.