რატომ უნდა გადაეცეს გარდაბანს თბილისის 100 ჰექტარი მიწის ფართობი – რა ხდება სინამდვილეში

დღეს საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილებას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, 1 მლნ კვ.მ. ანუ 100 ჰა მიწის ფართობი, რომელიც, დღეის მდგომარეობით, დედაქალაქის საზღვრებში მდებარეობს, გარდაბნის მუნიციპალიტეტს უნდა გადაეცეს.

საქმე ეხება „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენსისა“ და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა შორის 2014 წლის 25 დეკემბერს დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის საფუძველეზეც, კომპანიამ შეიძინა გარდაბანში, სოფელ თელეთში მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3 311 127.00 კვ.მ (300 ჰექტარზე მეტი) მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული 78.00 კვ.მ-იანი შენობა-ნაგებობით. როგორც კომპანიამ თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებისადმი მიწერილ ოფიციალურ წერილებში აღნიშნავს, ხსენებულ მიწის ნაკვეთზე აშენებს მაღალი სტანდარტის საცხოვრებელ კომპლექსსა და სარეკრეაციო ტერიტორიას.

ამჟამად მიწაზე ფუნქციონირებს გოლფის მოედანი, სადაც თავისუფლად არის შესაძლებელი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის შეძენისას, კომპანია მიზნად ისახავდა პრემიუმ კლასის ევროპული ქალაქგარეთ დასახლების მშენებლობას. აღნიშნული გულისხმობდა განაშენიანებას დედაქალაქის ფარგლებს გარეთ. კომპანიის განცხადებით, მსგავსი პროექტის განხორციელება დედაქალაქის ფარგლებში შეუძლებელია განაშენიანების მკაცრი გეგმითა და განვითარების შეზღუდული შესაძლებლობებით. 

ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას კომპანიას სურდა, ქალაქგარეთ არსებული უძრავი ქონების შეძენით, წვლილის შეტანა გარდაბნის მუნიციპალიტეტის განვითარებასა და აღნიშნულ მუნიციპალიტეტში სამუშაო ადგილების შექმნაში. ნასყიდობის ხელშეკრულებით, ცალსახად გათვალისწინებული იყო, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი ნაწილი „ქალაქ თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 20 დეკემბრის №4173 დადგენილების მიხედვით, მოქცეულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, რაც კომპანიისთვის ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული, მათ შორის: კომუნიკაციის პროვაიდერებთან ურთიერთობის, მშენებლობის ნებართვების მოპოვებისა თუ მიწის გადასახადის ადმინისტრირების კუთხით.

კომპანიის მოთხოვნაა, ხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, დაკორექტირდეს შესაბამისი მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრები იმგვარად, რომ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი მოექცეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. აღსანიშნავია ასევე ის გარემოებაც, რომ ზემოხსენებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირველი მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების საგნად განსაზღვრულია გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ თელეთში მდებარე 3 311 127.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1 ფართით – 78.00 კვ.მ (ს/კ 81.03.12.065). კომპანიის მიერ წარმოდგენილ წერილს ასევე თან ერთვის კორექტირებული ელექტრონული რუკა, რომლის თანახმადაც დაკორექტირდა მონაცემები.

დღეს საქართველოს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს დაევალა, განიხილოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი წინადადება საზღვრის ცვლილებასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები