ყარაჯალაში კონფლიქტი ამოწურულია – დაპირისპირებული მხარეები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და შერიგდნენ.
დაპირისპირებული მხარეების ახლობლები და ოჯახის წევრები, დაახლოებით, 1 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ, რის შემდეგაც განაცხადეს, რომ კონფლიქტი ამოწურულია.
რაც შეეხება მომხდარს – ირკვევა, რომ გვიან ღამით, სოფლის ერთ-ერთ რესტორანში ნასვამმა პირმა მეორეს მისამართით შეურაცხმყოფელი ქმედება განახორციელა, რასაც ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. კონფლიქტმა, მოგვიანებით, ქუჩაში გადაინაცვლა, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს.
დაპირისპირებულმა მხარეებმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, თუმცა, პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზებამ სიტუაცია განმუხტა.
შემთხვევის ადგილიდან უკვე ამოღებულია ვიდეოკამერების ჩანაწერები, ასევე, გამოკითხულია რამდენიმე პირი, თუმცა, ამ ეტაპზე, არავინ დაუკავებიათ.
გამოძიება სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ცემის ფაქტზე მიმდინარეობს.