სუბსიდირებული იპოთეკური სესხების პროგრამით 550 სესხი დამტკიცდა

სუბსიდირებული იპოთეკური სესხების პროგრამის ფარგლებში, ორი თვის განმავლობაში მოქალაქეებს 550 სესხი დაუმტკიცდათ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ცნობით, აღნიშნული სესხების ჯამური დამტკიცებული მოცულობა 61,543,977 ლარს შეადგენს.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე,  განიხილება კიდევ 15 სესხის განაცხადი.

იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა. შესაბამისი კომპონენტი „აწარმოე საქართველოში“ დაემატა.

პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში:

ჰყავს 2021 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ დაბადებული ერთ წლამდე ასაკის შვილი;

ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს სამი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;

ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის პირველ სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.

პროგრამის ფარგლებში იპოთეკური კრედიტების გაცემა მოხდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. მას გასცემს კომერციული ბანკი, პირველადი და მეორადი ბინის/სახლის შესაძენად ან კერძო სახლის ასაშენებლად.

იპოთეკური სესხი უნდა გაიცეს 2021 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ. სესხის მაქსიმალური მოცულობა იქნება 200 000 ლარი. თუმცა, დასაშვებია, რომ ასაშენებელი ბინის/სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 000 ლარს.

კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის მიხედვით კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, სააგენტო პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მოცულობებით ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას, სესხის გაცემიდან 60 (სამოცი) თვის განმავლობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები