დეზინფორმაციასთან გამკლავებაში კომუნიკაციების კომისიამ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გადაამზადა
მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიამ დეზინფორმაციასთან გამკლავებაში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები გადაამზადა, – ამის სესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კრიტიკული აზროვნება, დეზინფორმაციის იდენტიფიცირების სხვადასხვა ხერხი და ინფორმაციის ვალიდაციის მეთოდები – ამ საკითხებზე ტრენინგი კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების ტრენერმა, ანნა გვეტაძემ ჩაატარა.
ტრენინგის ფარგლებში, სტუდენტები ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის მექანიზმებს გაეცნენ, ასევე, მიიღეს დეტალური ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა გაფილტრონ და გადაამოწმონ მიღებული ინფორმაცია, როგორ ხდება ამბების ფაბრიკაცია და რა გზები არსებობს სანდო წყაროების დასადგენად. შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში, 25-29 ოქტომბერს საქართველოში მედიაწიგნიერების კვირეული ჩატარდა. მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული მიზანია გაერო-ს წევრ ქვეყნებში გაიზარდოს ცნობიერება მედიაწიგნიერების საჭიროებებისა და როლის შესახებ, – აღნიშნულია ინფორმაციაში.