შალვა პაპუაშვილი: სადამკვირვებლო მისიის დასკვნა უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის

 

“სადამკვირვებლო მისიის დასკვნა უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის. მათ დადებითად შეაფასეს საარჩევნო რეფორმის საკითხი და ამით მოხარული ვარ”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთა წინასწარ შეფასებებს.

მისივე თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლები ამბობენ, რომ ამ ბრალდებებმა, რომლებიც ისმოდა, გარკვეული ნეგატიური ეფექტი იქონია წინასაარჩევნო პერიოდზე.

„მათ სპეციალურად ხაზიც კი გაუსვეს ამ საკითხს, რადგან ხშირად ხდება მათი დასკვნების ისე ინტერპრეტირება, თითქოს ეუთო/ოდირი რაღაც ფაქტებს ამტკიცებს. ისინი ფაქტებს არ ამტკიცებენ, ისინი ამბობენ, რომ არსებობს რაღაც ბრალდებები და თავად ბრალდებების არსებობაც არის ნეგატიური გარემო. თუ შეხედავთ ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნას პირველი ტურის და მეორე ტურის შემდეგ ნახავთ, რომ ამ დასკვნაში აღარ არის საუბარი ბრალდებებზე, რომლებიც შეეხება ამომრჩევლის მოსყიდვას. ამ კუთხით დასკვნა შემსუბუქებულია. რაც შეეხება ბრალდებებს, ამაზე ჩვენც გვქონდა საუბარი. მაგალითად, საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ნაკლები ფაქტი იყო – ძალადობის ფაქტი სულ ერთი იყო და 3-ჯერ ნაკლები სისხლის სამართლის საქმე იყო წარმოებული თვითმმართველობის არჩევნების წინ. ძირითადად, ეს იყო მსუბუქი საკითხები და ეხებოდა ქონების დაზიანებას და ა.შ.

ეს არის სადამკვირვებლო მისიის დასკვნა და ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის. მათ დადებითად შეაფასეს საარჩევნო რეფორმის საკითხი და ამით მოხარული ვარ. გახსოვთ, რომ ამ პროცესს თავის დროზე გაემიჯნა ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ოპონენტები და არასამთავრობო სექტორი ახლა მაინც გადახედავს საკუთარ პოზიციას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები