კელი დეგნანი: შეწუხებულები ვართ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, აქტიურად ვადევნებთ თვალს არსებულ მდგომარეობას, რათა დავრწმუნდეთ, რომ მის მიმართ არის სათანადო მოპყრობა
“რა თქმა უნდა, ჩვენ შეწუხებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, აქტიურად ვადევნებთ თვალყურს არსებულ მდგომარეობას აქ, ისევე როგორც ადამიანები ვაშინგტონში, რათა დავრწმუნდეთ, რომ მის მიმართ არის სათანადო მოპყრობა და მიეწოდება კარგი სამედიცინო დახმარება”,- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, მოწოდებაა სამედიცინო სფეროს პროფესიონალებმა მონიტორინგი გაუწიონ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
“რა თქმა უნდა, რადგანაც სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, უკრაინის სახელმწიფოს დაინტერესება არის დიდი, რომ მისი მოქალაქე იყოს დაცული.
ჩვენ ჩვენი მხრივ, კვლავ მოვუწოდებთ სამედიცინო სფეროს პროფესიონალებს, რომ მონიტორინგი გაუწიონ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ძალიან აქტიურად და უზრუნველყონ ის შესაბამისი მკურნალობით.
მე არ ვარ სამედიცინო ექსპერტი და როგორ მე მესმის, სასჯელაღსრულების სისტემაში მხოლოდ ერთი საავადმყოფო არსებობს, მაგრამ მე, ასევე, ინფორმირებული ვარ სახალხო დამცველის განცხადების შესახებ, რომელმაც თქვა, რომ ამ დაწესებულებას არ აქვს გარკვეული სამედიცინო მომსახურება, რომელიც შეიძლება სააკაშვილს სჭირდებოდეს. საბოლოო განმსაზღვრელი უნდა იყოს მომსახურება, რომელიც ნებისმიერი სახის პაციენტს სჭირდება და არსებობს სამედიცინო ექსპერტები, რომლებმაც ამის განსაზღვრაში უნდა მიიღონ მონაწილეობა სამართლიანად და მიუკერძოებლად. უპირველესი მნიშვნელობის არის ადამიანის ჯანმრთელობა“, – განაცხადა დეგნანმა.