თურქეთში რესპუბლიკის დაარსებიდან 98-ე წლისთავს აღნიშნავენ

თურქეთში დღეს რესპუბლიკის დაარსებიდან 98-ე წელს აღნიშნავენ. ქვეყნის მოსახლეობა ყოველ წელს 29 ოქტომბერს მთავარ დღესასწაულს – რესპუბლიკის დღეს აღნიშნავს. სწორედ ამ დღეს, 1923 წელს თურქეთი რესპუბლიკად გამოცხადდა.

 

1920 წლის 23 აპრილს, თურქი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის პერიოდში, დიდი ეროვნული კრება (პარლამენტი) გაიხსნა, რომელმაც გამოაცხადა თურქეთის რესპუბლიკა. თუმცა, თურქეთის რესპუბლიკას ოფიციალური აღიარება 1923 წლამდე არ მიუღია. 1923 წლის 24 ივლისს ხელი მოეწერა ლოზანის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც აღიარეს თურქეთის დამოუკიდებლობა.

1923 წლის 13 ოქტომბერს, თურქეთის დიდი ეროვნული კრების მეორე მოწვევის დაწყებიდან 2 თვის შემდეგ ანკარა თურქეთის მთავრობის ცენტრი გახდა. მომწიფდა მმართველობის ფორმის მკაფიო განსაზღვრა და ახალი სახელმწიფოს მეთაურის არჩევა.

ამ მომენტამდე სახელმწიფოს მეთაური იყო თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის (VNST) სპიკერი, მუსტაფა ქემალ ათათურქი.

1923 წლის 25 ოქტომბერს მაშინდელი ხელისუფლება გადადგა და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო. ათათურქმაც შექმნილი ვითარება რესპუბლიკის გამოცხადებისთვის ხელსაყრელად მიიჩნია.

გამომდინარე იქედან, რომ 28 ოქტომბერს მთავრობის ფორმირება ვერ მოხერხდა, ათათურქმა თანამოაზრეებს აცნობა, რომ მეორე დღეს რესპუბლიკას გამოაცხადებდა. იმავე ღამით, მან კანონპროექტი შექმნა 1921 წლის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ.

29 ოქტომბერს კანონპროექტი პარლამენტს წარედგინა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ქვეყნის მმართველობის სახელმწიფოებრივი ფორმა რესპუბლიკაა. კანონპროექტი იმაზე დღეს, საღამოს 20:30 ერთხმად იქნა დამტკიცებული.

რესპუბლიკის გამოცხადებას აპლოდისმენტებითა და შეძახილებით შეხვდნენ: “გაუმარჯოს, რესპუბლიკას!”.

ამის შემდეგ ჩატარდა პრეზიდენტი არჩევნები და მუსტაფა ქემალ ათათურქი თურქეთის სახელმწიფოს პირველ პრეზიდენტად იქნა არჩეული. აღნიშნულის გამოცხადების შემდეგ, ათათურქმა პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა – “თურქეთის რესპუბლიკა იქნება ბედნიერი, წარმატებული და გამარჯვებული”.

დღეს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა ათათურქის მავზოლეუმი ყვავილებით შეამკო და სტუმრების საპატიო წიგნში ჩანაწერი დატოვა.

“ძვირფასო ათათურქ! ამ განსაკუთრებულ დღეს, როდესაც ჩვენი ხალხი ამაყად აღნიშნავს რესპუბლიკის დაარსებიდან 98 წლის იუბილეს, ჩვენ კვლავ პატივის მივაგებთ თქვენს ხსოვნას, პატივს ვცემთ თქვენს თანამებრძოლებს და თითოეულ გმირს, ვინც სიცოცხლე გაწირა სამშობლოს სახელით. დღეს ჩვენ დაუღალავად ვცდილობთ, გავაძლიეროთ და მომავალ თაობებს გადავცეთ ის რესპუბლიკა, რომელიც ამ ქვეყნის შვილებისა და ქალიშვილების სიცოცხლის ფასად მოგვენიჭა. ჩვენ ვცდილობთ, რომ თურქეთი შევიყვანოთ მსოფლიოს 10 საუკეთესო ეკონომიკაში. იმ დროს, როდესაც მთელი კაცობრიობა პანდემიით გამოწვეულ სერიოზულ კრიზისებს უპირისპირდება, თურქეთი აგრძელებს განვითარების ძლიერ გზას, მიაღწია ახალ წარმატებებს ექსპორტში, დასაქმებაში, წარმოებასა და ინვესტიციებში. გმირი თურქი ხალხის დიდებული ისტორია სავსეა ნათელი გამარჯვებებით. ჩვენ მზად ვართ, მივაღწიოთ 2023 წლამდე გამოცხადებულ ყველა მიზანს. მშვიდად განისვენე”, – ნათქვამია ერდოღანის მიერ დატოვებულ ჩანაწერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები